მოსაზრება: დასავლეთს არ აწყობს სიმართლე „ჩრდილოეთის ნაკადების" აფეთქებაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
ვლადიმირ კორნილოვი
ზუსტად ერთი წლის წინ ბალტიის ზღვის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკადები" ააფეთქეს. მთელი წლის განმავლობაში გამოძიებას შეეძლო იმ დამნაშავეთა რამენაირ კვალზე გასულიყო, რომლებიც ევროპის ინფრასტრუქტურის ამ მნიშვნელოვან ობიექტს დაესხნენ თავს, მაგრამ... მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ წლის შედეგები ასე შეაჯამა:
„ჩრდილოეთის ნაკადები" კიდევ ერთი მაგალითია <…> იმისა, თუ როგორ მალავენ, აფარებენ ფარდას უმნიშვნელოვანეს ფაქტებს, როგორ ამზადებენ მორიგ ტყუილს, რომ შემდეგ მასზე ააგონ თავიანთი გეოპოლიტიკური სქემები", – წერს რია ნოვოსტის მიმომხილველი.
კერძოდ, სტატიაში ის წერს:
ლავროვმა ჩამოთვალა ისეთი საქმეები, რომელთა დაფარვასაც ასევე ცდილობენ: მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ბუჩაში, სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში, ნავალნის საქმე, ტოლიატის ამიაკის მილის აფეთქება ოდესაში და ა.შ.
როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, დასავლური მედია განაგრძობს თვის მოჩვენებას, რომ მათთვის „საქმე გამოცანად რჩება" — მიუხედავად აშკარა მოტივებისა, აშშ-ის უმაღლესი სახელმწიფო მოღვაწეების საჯარო განცხადებებისა გაზსადენების ბედის შესახებ, უამრავი გამამტყუნებელი ფაქტისა და მიუხედავად პულიტცერის ლაურეატ სეიმურ ჰერშის დეტალური გამოძიების არსებობისაც კი.
თავდაპირველად დასავლეთი ცდილობდა უგულებელეყო ჰერშის დასკვნები, მაგრამ შემდეგ, როდესაც მიხვდა, რომ საქმეს ცუდი სუნი უდიოდა, გადაწყვიტა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ბრალდებები უკრაინაზე გადაეტანა, ან, კიდევ უკეთესი — ვიღაც „პროუკრაინელ აქტივისტებზე", რომლებიც თითქოსდა არანაირ კავშირში არ იყვნენ სახელმწიფოსთან.
ამასთან, დასავლელმა კომენტატორებმა, ჰერშის გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით, ძირითად ტაქტიკად ზოგიერთი დეტალის მიმართ მიდავება აირჩიეს. მაგალითად, ასეთი იყო ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგის ბიოგრაფია, რომელსაც ჰერში ირიბად ახსენებდა, დეტალების განმარტების გარეშე. სამაგიეროდ „პროუკრაინელი აქტივისტების" შესახებ სასაცილო ვერსიების ავტორებისთვის ასეთი კითხვების დასმა მიუღებელია, ისევე, როგორც დეტალებში ჩახედვა.
მაგალითად, უცებ გაქრა სხვადასხვა „ბელინგკეტების“ საოცარი უნარი სატელეფონო მიმოწერისა და საუბრების გამოქვეყნებასთან დკავშირებით. რატომღაც ისინი ადვილად აკეთებენ ამას, როდესაც საქმე რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებს ეხება, მაგრამ ევროპასა თუ უკრაინაში ეს უნარები არ მუშაობს.
ან გავიხსენოთ, რომ პირველებმა ვერსია უკრაინელი მოყვარულ-დივერსანტების შესახებ, რომლებიც „ჩრდილოეთ ნაკადებს" იახტა „ანდრომედით“ მიუახლოვდნენ, გერმანიის სახელმწიფო ტელეარხებმა და გაზეთმა Die Zeit-მა გაავრცელეს.
ეს ისტორია შემდეგ ასობით დასავლურმა მედიამ გაიმეორა. მაგრამ არავის გასჩენია კითხვა, საიდან გაიგეს გერმანელმა ჟურნალისტებმა ასეთი დეტალები, როგორიცაა დივერსიულ ჯგუფში როლების განაწილება: კაპიტანი, ორი მყვინთავი, ორი ასისტენტი და ექიმი! ხომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ასეთი დეტალები მხოლოდ ამ კომპანიის წევრებს უნდა სცოდნოდათ და არავის სხვას! ან უნდა ვაღიაროთ, რომ „სენსაციის" ავტორებმა ეს ყველაფერი ჰაერზე მოიგონეს.
მიუხედავად ამისა, გამოძიების მხრიდან ძუნწი კომენტარების გათვალისწინებით, სწორედ ეს ვერსია ითვლება მთავარ ვერსიად. თუმცა, ესმით რა, რაოდენ სასაცილოდ გამოიყურება ვერსია, რომ ამხელა სამუშაო ზღვის ფსკერზე მოყვარულებმა გასწიეს, გამომძიებლები არ გამორიცხავენ საქმეში „სახელმწიფო აქტორის“ ჩართულობასაც.
იმისათვის, რომ ჰერშის დასკვნებიდან ყურადღება გადაეტანათ, დასავლეთი ჭორების გავრცელებაზეც კი მიდის იმის შესახებ, თითქოს ჰოლანდიის სპეცსამსახურებმა ტერაქტების ჩადენამდე რამდენიმე თვით ადრე CIA-ც კი გააფრთხილეს უკრაინის გეგმების შესახებ. თუმცა ამ ვერსიების ავტორები აქაც უხერხულობას გადააწყდნენ. იბადება კითხვა: თუ აშშ-ში და ევროპაში ყველამ კარგად იცოდა მოსალოდნელი დივერსიების შესახებ, რა უშლიდა ხელს მათ თავიდან აცილებას? უი, ჰო, უხერხული კითხვების დასმა არ შეიძლება!
ახლა კი გამომძიებლები გახარებულები ამბობენ, რომ იმედი აქვთ, საქმე წლის ბოლომდე დასრულდება. შვედი პროკურორის მატს ლუნგკვისტის ეს სიტყვები ბევრმა დასავლურმა მედიასაშუალებამ გაიმეორა. თუმცა არ დაუზუსტებიათ მისი განზრახვა, რომელიც წლის ბოლომდე ვინმესთვის ბრალის წაყენებას, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გამოძიების დასრულებას ითვალისწინებს. ანუ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ფარდის ჩამოფარებას.
ამ მცდელობებს აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთი, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია აფეთქების წლისთავზე. ჩვენ არასდროს გვქონია და არც გვაქვს ეჭვი, თუ ვინ მოაწყო და განახორციელა დივერსია ბალტიის ზღვაში. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოებამაც არ დაივიწყოს ეს თავხედური ტერაქტი. დამნაშავეები მაინც უნდა დაისაჯონ, რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს ამას და სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0