ნახატებზე ასახული განწყობა და სტუდია კრეატიული აზროვნების განვითარებისთვის
14:20 22.09.2023 (განახლებულია: 18:08 22.09.2023)
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილი

© courtesy of Tamar Feiqrishvili
გამოწერა
მხატვრობაში პოპ-არტის მიმართულება აირჩია.
ბავშვობაში, როცა სოლიკო ვირსალაძის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრებს უყურებდა, ცდილობდა მათი კოსტიუმებისა და სცენური დეკორაციების ანალოგები შეექმნა. სასცენო განათების იმიტაცია რომ შეექმნა, ამისთვის პატარა მაკეტებში ბჭყვიალა ქაღალდებს აფენდა. თამარ ფეიქრიშვილმა თავის დროზე თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი სანახაობათა მხატვრული გაფორმებისა და დიზაინის განხრით დაამთავრა. მისი საინტერესო ფსიქოლოგიური ნახატები გარკვეულ ახსნას მოითხოვს მნახველისგან. მას გახსნილი აქვს ხელოვნების სტუდია „კრეატივი“, სადაც მოსწავლეებს ხელოვნების საიდუმლოს უზიარებს.
© photo: courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე

თამარ ფეიქრიშვილი გაკვეთილზე
- თამარ, როგორც ვიცი, ასეთი პროფესია თეატრის სიყვარულმა გადაგაწყვეტინათ, პირველი პრაქტიკული გამოცდილება სად შეიძინეთ?
- დიახ, ასეთი არჩევანი თეატრის დიდი სიყვარულის გამო გავაკეთე. სამწუხაროდ, თეატრი იყო და რჩება ჩემს ოცნებად. რუსთავის დრამატულ თეატრში პრაქტიკა არაჩვეულებრივ ხელოვანებთან გავიარე. მახსოვს ბატონი მალხაზ დათუკიშვილი, რომელიც მარტო ხატავდა რვამეტრიან ფარდას სპექტაკლისთვის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. ის უფლებას მაძლევდა, რომ ფაქტურებსა და ლაქებზე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი, რაც იმ დროს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.
© photo: courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება

თამარ ფეიქრიშვილის შემოქმედება
- დღეს პოპ-არტის სტილში ქმნით ნამუშევრებს. ალბათ მასალების მოძიებაც უჩვეულო გარემოში გიხდებათ?
- როცა ჩემი ნამუშევრებისთვის სამშენებლო მასალებს ვაგროვებდი, ფათერაკებში ბევრჯერ აღმოვჩენილვარ. ორი წლის წინ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე წავედი. იქ მიტოვებული შენობის კიბიდან მოულოდნელად გადმოვვარდი და ხელი და ფეხი მოვიტეხე. ორივე თაბაშირში ჩამისვეს. როცა თაბაშირი მომხსნეს, ახალი კომპოზიცია სწორედ იმ თაბაშირებით გავაკეთე და ნამუშევარს დავარქვი „დრო ფეხზე მკიდია“. ეს არცაა გასაკვირი – „ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს“.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- თქვენს პატარა მოსწავლეებზე რას გვეტყვით?
- ხელოვნების სტუდია „კრეატივში“ არა მხოლოდ მხატვრობაზე შეყვარებული, არამედ გონიერი, მშრომელი და ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ. სტუდიაში მიიღებიან განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული მოსწავლეები. ისინი აქ მარტო ხატვას კი არ სწავლობენ, სილამაზის აღქმის უნარს და ესთეტიკურ ღირებულებებს ეუფლებიან.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- საიდან ჩნდება თქვენს ნამუშევრებში უჩვეულო სიუჟეტები?
- არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩემს ნახატებზე ისეთი სიუჟეტებია, რომელიც გაშიფრულ ქვეცნობიერს ჰგავს. ეს აზრის სწორი ფორმულირებაა, რადგან რასაც განვიცდი, ჩემს ნამუშევრებშიც იმას ავსახავ. ისინი ზუსტად გამოხატავენ იმას, თუ როდის ვიყავი მელანქოლიურ-სენტიმენტალურ, დეპრესიულ ან ამაღლებულ განწყობაზე.
© courtesy of Tamar Feiqrishviliთამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი

თამარ ფეიქრიშვილის ნამუშევარი
- თქვენი სტუდიის ბავშვები ხშირად სტუმრობენ ხოლმე გამოცდილ მხატვრებს სახელოსნოში, ვის გაიხსენებთ?
- მინდა გავიხსენო ვიზიტი, რომელიც თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ბატონ მალხაზ დათუკიშვილის სახელოსნოში შედგა. ის პროფესიით დაზგური გრაფიკის სპეციალისტი და თეატრის მხატვარია. ასევე პოპ-არტისა და აბსტრაქტული არტის არაჩვეულებრივი შემსრულებელი, პედაგოგი და მხატვართა გაერთიანება „გამას“ თვალსაჩინო ფიგურა. მასთან ერთად „კრეატივს“ პროფესიული პარტნიორობა გაუწიეს ქალაქის წარმატებულმა მოქანდაკეებმა ვალერიან ჯიქიამ და მალხაზ ჩალაძემ. ასეთი შეხვედრები შემოქმედებითად მოაზროვნე ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს, ამდენად, აუცილებელია.
ნინო მამულაშვილი