ჩქაროსნულ მაგისტრალზე ელექტრომობილებისთვის 20 ელექტროდამტენი დამონტაჟდა

© photo: Sputnik / Stringerელექტროდამტენი
ელექტროდამტენი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს, კერძოდ, ქალაქს კიდევ 30 ელექტროდამტენი დაემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მერმა განაცხადა, ელექტრომობილების წახალისება სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ბოლო ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უკვე 80-მდე ელექტროდამტენია დამონტაჟებული, რომლითაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ.

„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია თბილისში დამატებითი რაოდენობის ელექტროდამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ ქალაქგარეთ ელექტრომობილების შეუფერხებელი გადაადგილებისთვის დამტენები რამდენიმე ადგილზე განთავსდებოდა ჩქაროსნულ მაგისტრალზეც", – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, ჩქაროსნული მაგისტრალის ოთხ ადგილზე უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს 20 ელექტროდამტენი. კერძოდ:
ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა–ზესტაფონის მონაკვეთზე გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით;
ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით;
ერთი სადგური ოთხი დამტენით ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალციხის მიმართულებით.
კალაძის თქმით, თბილისში სწრაფი ელექტროდამტენების სადგურების მოწყობაც იგეგმება.
„თბილისში ვაპირებთ სწრაფი დამტენების მოწყობის პროექტის განხორციელებას. ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად, გაჩნდება სივრცე თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები იქნება განთავსებული", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი" უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა.
რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების იდეას, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. მთავრობის გეგმებში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლება შედის.
2017 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტზე აქციზი გაიზარდა, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზი, პირიქით, შემცირდა, ხოლო ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადი საერთოდ გაუქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0