საქართველო - ბიზნესისა და ფინანსების გლობალური ცენტრი: პრემიერის გამოსვლა გაეროს სამიტზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, ხოლო მნიშვნელოვანი მიღწევები ქვეყანას წარმოაჩენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე ნიუ-იორკში.
ამჟამინდელი სამიტი 2030 წლის მდგრადი განვითარების სფეროში დღის წესრიგის შუალედურ შეფასებას წარმოადგენს, რომელიც წინა სამიტზე, 2019 წელს მიიღეს. სამიტი გახსნეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრენსისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

„ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 2023 წლის იანვარ-ივლისში 7,2% დაფიქსირდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს, როგორც პასუხისმგებელიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალფეროვან დარგობრივ პოლიტიკაში, რაც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებასა და ეკომეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას.
„საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად. დარგობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას ხდება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება და ეს უკვე არსებული პროცესის შემადგენელი ნაწილია. ყოველივე ამის მიზანია ახალი სტრატეგიული დოკუმენტების თავსებადობა ჩვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს სამიტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა>>
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის.
„ამჟამად გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ქვეყნის მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც ასახავს განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად.

„ამასთანავე ჩვენი მთავრობა ცდილობს განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და სახელმწიფო სერვისების შესაძლებლობათა გასაძლიერებლად, რათა არსებული გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელი გამხდარიყო, რაც აისახა კიდეც მრავალ გლობალურ რეიტინგში.
„ვამაყობ, რომ საქართველოს მიერ შეტანილმა წვლილმა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტშიც გაგვხადა ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ასპექტში. სხვადასხვა ინიციატივისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ 17 მდგრადი განვითარების მიზანი და 93 ორიენტირი განსაზღვრა პრიორიტეტებად და 200 ინდიკატორი შეიმუშავა პროგრესის მონიტორინგისთვის. ასევე შექმნა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო კონსტრუქციული, ინტერპერსონალური დიალოგის გასაძლიერებლად.
ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა>>
მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ასევე მართავს ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს.
გაეროს გენერალურ დებატებზე ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.
დიალოგის თემაა „ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“.
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 19 სექტემბერს დაიწყება, როდესაც გაიხსნება მაღალი დონის კვირეული მთელი მსოფლიოდან ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0