საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება - კანონპროექტი პარლამენტში განიხილება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
მოქალაქეობის მისაღებად კვლავ ძალაში რჩება საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ცვლილებები „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში, რომელთა მიხედვითაც მოქალაქეობის მიღების საკითხები პროცედურულად გამარტივდება, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეული წესით მას შემდეგ მიიღებს, როდესაც საქართველოში ლეგალურად იცხოვრებს ხუთი და არა ათი წელი, როგორც ახლა არის გათვალისწინებული.

„ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი პირი შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეულ უფლებებში. როგორც კი მოხდა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა ამ ფაქტს და ეს ცვლილება მოიწონა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი შეეხება 500-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოშია დაბადებული და მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენს.
მოქალაქეობის მისაღებად კვლავ ძალაში რჩება საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა. მაგრამ ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი ცოდნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულოში.
ამ შემოწმების შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და დაერთვება მოქალაქეობის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტებს.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0