ქვების ლოკვა და ობობების გაცოცხლება: გამოქვეყნდა შნობელი-2023-ის ლაურეატთა სია
11:37 15.09.2023 (განახლებულია: 21:54 15.09.2023)
CC BY 2.0 / Jeff Dlouhy / Ig Nobel Prize Ceremonyშნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია

გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შნობელის პრემიის გადაცემის 33-ე ცერემონიაზე ქიმიისა და გეოლოგიის დარგში ჯილდო ბრიტანელ იან ზასალევიჩს გადაეცა იმის ახსნისთვის, თუ რატომ უყვარს ბევრ ადამიანს ქვების ლოკვა, ნათქვამია პრემიის საიტზე.
შნობელის წლევანდელი ცერემონია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ანტინობელი, 14 სექტემბერს გაიმართა ონლაინ-ფორმატში.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დარგში პრემიები ასე განაწილდა:
ლიტერატურის დარგში — იმ შეგრძნების შესწავლისთვის, რომელსაც ადამიანები სიტყვა „ბევრის“ მრავალჯერ წარმოთქმისას განიცდიან;
მანქანათმშენებლობაში — მკვდარი ობობების გაცოცხლებისათვის მექანიკურ დამჭერ ინსტრუმენტებად გამოყენების მიზნით;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში — სტენფორდული ტუალეტის გამოგონებისთვის. ეს არის მოწყობილობა, რომელშიც სხვადასხვა ტექნოლოგიები გამოიყენება შარდისა და დეფეკაციის ანალიზისთვის, ანალური ხვრელის ანაბეჭდის ასაღებად და სხვ.
კომუნიკაციის დარგში — იმ ადმიანების გონებრივი საქმიანობის შესწავლისთვის, რომლებსაც უკუღმა საუბარი შეუძლიათ;
მედიცინის დარგში — გვამების გამოყენებისთვის იმის შესასწავლად, აქვთ თუ არა ადამიანებს ცხვირის ორივე ნესტოში თანაბარი რაოდენობის თმა;
განათლების დარგში — პედაგოგებისა და მოსწავლე სტუდენტების მოწყენის მეთოდური შესწავლისთვის;
ფსიქოლოგიის დარგში — ქალაქის ქუჩებში ჩატარებული ექსპერიმენტისთვის, რა დროსაც მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, რამდენი ადამიანი გაჩერდებოდა და აიხედავდა ცაში, როცა სხვა ცაში მზირალ ადამიანს დაინახავდა;
ფიზიკის დარგში — იმის შესწავლისთვის, თუ რა გავლენას ახდენს ოკეანის წყლის ინტენსიური შერევა ანჩოუსების სექსუალურ აქტივობაზე.
როგორც პრემიის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევა, რომლისთვისაც შნობელი გაიცემა, ერთი შეხედვით, უაზრო ან აბსურდული ჩანს, ბევრ მათგანს მაინც აქვს სამეცნიერო ღირებულება.
წყარო: Improbable Research