№1 სუპერპროდუქტი: რატომ უნდა მიირთვათ წიწმატი ყოველდღე

CC BY 2.0 / Philip Kindleysides / Land Cressწიწმატი
წიწმატი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ყველამ იცის, რომ დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულის ჭამა ჯანმრთელი ცხოვრების საკვანძო ელემენტია, მაგრამ არსებობს ერთი მწვანილი, რომელიც ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად შეიძლება ჩაითვალოს მთელ მსოფლიოში, წერს Express კვლევებზე დაყრდნობით.
საუბარია წიწმატზე, რომელიც უილიამ პეტერსონის უნივერსიტეტმა (აშშ) „სუპერპროდუქტების“ ჩამონათვალში შეიტანა და 41 სახეობის ხილსა და ბოსტნეულს შორის პირველი ადგილი მიაკუთვნა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის მხრივ.
როგორც ირკვევა, ამ ჩამონათვალის შედგენის პროცესში მეცნიერებმა შეაფასეს, თუ რამდენად მდიდარია ესა თუ ის პროდუქტი სასარგებლო ნივთიერებებით, და რამდენად დიდია მისი პოტენციალი ორგანიზმის დაცვაში ისეთი ქრონიკული დაავადებებისგან, როგორიცაა კიბო და გულის დაავადებები.

„გამომდინარე იქიდან, რომ წიწმატს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, მისი მიღება სასარგებლო გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის, ხელს უწყობს დამჟანგავი სტრესის დაქვეითებას, ასევე ამცირებს იმ ქსოვილების დაზიანებას, რომლებიც ზოგიერთი ტიპის სიმსივნის განვითარებასთანაა დაკავშირებული", — განმარტავენ სპეციალისტები.

მათი თქმით, წიწმატის ყოველდღიური მიღება ნებისმიერ სალათში, სენდვიჩენსა თუ სხვა კერძებში დამატების გზით ორგანიზმს დიდი რაოდენობის ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით ამდიდრებს.
წიწმატის უნიკალური თვისებები ასევე დასტურდება სამეცნიერო კვლევით, რომელიც American Journal of Clinical Nutrition-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერებმა კლინიკური კვლევა 60 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც ყოველდღე 85 გრამ ნედლ წიწმატს მიირთმევდნენ რვა კვირის განმავლობაში.
შედეგად აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეებს დნმ-ის ბაზალური დაზიანება 17%-ით ჰქონდათ შემცირებული, პურინული ცვლის დარღვევა კი — 23,9%-ით.

„წიწმატის მიღებით გამოწვეული დადებითი ცვლილებები ბევრად მნიშვნელოვანი იყო მწეველებში, ვიდრე არამწეველებში. წიწმატის მიღებამ ლუთეინისა და β-კაროტინის დონე პლაზმაში მნიშვნელოვნად გაზარდა — შესაბამისად, 100%-ით და 33%-ით“, — ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერთა თქმით, აღნიშნული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ წიწმატის რეგულარული ჭამა მნიშვნელოვნად აქვეითებს კიბოს განვითარების რისკებს, რადგან ეს ბოსტნეული ამცირებს დნმ-ის დაზიანებას და ცვლის ანტიოქსიდანტურ სტატუსს კაროტინოიდების კონცენტრაციის გაზრდით.

წიწმატის კალორიულობა, შემადგენლობა

წიწმატის კალორიულობა 100 გრამზე არის 32 კკალორია. მის შემადგენლობაშია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები А, В, С, Е, К, D, მინერალური ნივთიერებები – რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, იოდი, დარიშხანი, თუთია, გოგირდი და სხვ.
წყარო: Express
ყველა ახალი ამბავი
0