საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარადგინა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
ივნისში პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვერცერთმა წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა (მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი დეპუტატი) და თეიმურაზ ხომერიკის (თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი) კანდიდატურები წარუდგინა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ეს წელს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენის მეორე მცდელობაა. 2023 წლის ივნისში პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვა. მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი წარუდგინა – ლექტორი და ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის" რედაქტორი გიორგი ბაქრაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი, „ზირაათ ბანკის" საბჭოს წევრი დიმიტრი ჯაფარიძე.
უარის მიზეზად მმართველ პარტიაში დაასახელეს ის, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ჰქონია.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრის ნაცვლად შვიდი წევრია. ამ შვიდი ადამიანიდან ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტია, სამი ვიცე-პრეზიდენტი და სამი დამოუკიდებელი წევრი.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
ყველა ახალი ამბავი
0