კინო - ადამიანებთან ურთიერთობისა და ბედნიერების მოპოვების საშუალება
15:00 14.09.2023 (განახლებულია: 19:33 14.09.2023)
© courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
© courtesy of Buba Gogiberidze
გამოწერა
ბუბა გოგიბერიძის ფილმებმა ევროპელი პროფესიონალების ყურადღება მალე მიიქცია.
„ყველას ვურჩევ, რასაც გული უკარნახებს, ის აკეთოს. ყველაფერს არამატერიალურად, ცოტა ფილოსოფიურადაც უნდა შევხედოთ და სამყაროში საკუთარი თავი და ადგილი ვიპოვოთ“ - ამბობს რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე, რომელიც ამჟამად დიუსელდორფში ცხოვრობს. თავის დროზე თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და სწავლა დორტმუნდის გამოყენებითი ტექნიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში გააგრძელა. მისი ერთ-ერთი ფილმის „არსად წავალ“ პრემიერა თავის დროზე Max Ophuls Preis-ის პრესტიჟულ ფესტივალზე გაიმართა.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
© photo: courtesy of Buba Gogiberidze
- ბუბა, თქვენი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, როგორ გახსენდებათ ის დრო?
- დიახ, ჩემი ბავშვობა უკავშირდება იმ დროს, როცა უშუქობა, სიცივე, შიმშილი და ბევრი უსამართლობა იყო. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე დროს ან ეპოქას კარგიც არ ახლავს ხოლმე. კარგად მახსენდება ჩემს ოჯახში გამართული იმდროინდელი პოეზიის საღამოები, არ იყო ერთი დღეც, რომ არ გვესაუბრა გალაკტიონ ტაბიძეზე, მუხრან მაჭავარიანზე და მათი ლექსები არ წაგვეკითხა. ასეთი მომენტები ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მეზობლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ და ერთიმეორეს გვერდში ვედექით. შეიძლება ითქვას, რომ მე მქონდა რადიკალურად განსხვავებული ბავშვობა, სადაც ადამიანური დამოკიდებულებები იყო, რაც ახლანდელ ბავშვებს ძალიან აკლიათ.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე ფილმის გადასაღებ მოედანზე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე ფილმის გადასაღებ მოედანზე
© photo: courtesy of Buba Gogiberidze
- იმ დროს ბავშვები თეატრში უფრო ხშირად დადიოდნენ...
- მაშინ სკოლიდან თოჯინების თეატრში ხშირად მივყავდით. 90-იანებში ჩვენთვის ეს საოცარი სანახაობა იყო. დღეს გაცილებით უკეთესი ეფექტებით შეგიძლია ყველაფრის ნახვა, მაგრამ მაშინ ეს გრანდიოზულად გვეჩვენებოდა. 2001 წლისთვის, როდესაც პირველად მივედი რუსთაველის თეატრში, ბატონი ჟანრი ლოლაშვილი ლუარსაბ თათქარიძეს თამაშობდა. ეს იყო ჩემთვის პირველი გააზრებული სპექტაკლი, როცა რეალურად აღვიქვი, თუ რას წარმოადგენდა თეატრი. მერე იყო თავისუფალი თეატრი, სადაც ახალგაზრდები ხშირად დავდიოდით. მახსოვს სპექტაკლები „ჯინსების თაობა“ და „კომედიანტები“, სადაც მთავარ როლს ნიკო გომელაური თამაშობდა.
- თეატრალურში სწავლის დროს რომელ რეჟისორთან მოგიწიათ ურთიერთობა?
- მე ანდრო მრევლიშვილის ჯგუფში მოვხვდი. თავიდან მას მეტეხის თეატრი ჰქონდა, შემდეგ „გლობუსი“. პირველი ხელფასიც მან მომცა, თუ არ ვცდები, 66 ლარი იყო. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი და ის ხელფასი არასოდეს დამავიწყდება. „ჰამლეტში“ ძალიან პატარა როლი მქონდა, ჰამლეტის მეგობარს გილდენსტერნს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო. მეტყველებას უნიჭიერესი ქალბატონი და საოცარი პედაგოგი თამილა ლასხიშვილი გვასწავლიდა. შემდეგ მოვიდა მეორე რეჟისორი შოთა კობიძე, ასევე ძალიან კარგი პედაგოგი და ადამიანი, რომლის დროსაც თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე. გარკვეული ხანი ვაკის სარდაფში (ახლანდელ ილიაუნის თეატრში) ვთამაშობდი სპექტაკლში „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი".
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeბუბა გოგიბერიძე სპექტაკლში "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
ბუბა გოგიბერიძე სპექტაკლში "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
© photo: courtesy of Buba Gogiberidze
- გერმანიაში როდესაც გადახვედით, ყველაზე რთული რა აღმოჩნდა თქვენთვის?
- თავიდან გერმანიაში ცხოვრება ძალიან რთული იყო, რადგან ენა არ ვიცოდი. ფაქტობრივად, ერთი წელი ენას ვსწავლობდი. ვმუშაობდი იმიტომ, რომ ბინის ქირა გადამეხადა. ვინც ეს არ იცის, ალბათ ადვილი ეჩვენება ყველაფერი, სინამდვილეში ძალიან რთულია, მაგრამ თუ მიზანი გაქვს ცხოვრებაში და გინდა რაღაც გააკეთო, აუცილებლად მიაღწევ, შეუძლებელი არაფერია. მანამდე ჩავაბარე დორტმუნდის გამოყენებითი ტექნიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რისთვისაც სამი ტური გადავლახე.
- რას გულისხმობდა ეს ტურები?
- პირველად დავალებას გაძლევენ, რომ სამწუთიანი ფილმი გადაიღო, შემდეგ კონკრეტულ თემაზე უნდა დაწერო პატარა ნოველა, რომელსაც პერსპექტივაში ფილმად გადაღების შესაძლებლობა აქვს. მესამე ტური გასაუბრებაა, რომლის დროსაც კითხვებს გისვამენ და შენს ზოგად განათლებას ამოწმებენ. მეორე სემესტრში გადავიღე ფილმი, სადაც მოქმედება 1943 წელს, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება გერმანელების სახლში, რომელშიც ორი მოხუცი ცხოვრობს შვილთან ერთად. ამას რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოჰყვა.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeკადრი ფილმიდან "არსად წავალ"
კადრი ფილმიდან "არსად წავალ"
© photo: courtesy of Buba Gogiberidze
- რომელ ევროპულ ფესტივალზე უჩვენეს თქვენი საბაკალავრო ნამუშევარი, ფილმი „არსად წავალ“?
- ამ ფილმის პრემიერა Max Ophuls Preis-ის 42-ე ფესტივალზე შედგა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, სადაც ადვილად ვერ ხვდებიან. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ფილმის პრემიერა სწორედ აქ შედგა. ამას გარდა, ფილმი, რომელიც მცოცავ ოკუპაციას ეხება, ავსტრიაშიც ვაჩვენეთ და იქ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი გადაღების დროს ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ეს ფილმი საქართველოში, ბათუმის ფესტივალზეც აჩვენეს.
© photo: courtesy of Buba Gogiberidzeრეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
რეჟისორი ბუბა გოგიბერიძე
© photo: courtesy of Buba Gogiberidze
- რა არის კინო თქვენთვის?
- კინო არის ის, რითიც შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა და ბედნიერების მოპოვება. წარმატება კი იმის გაცნობიერებაა, რომ შენი გული და გონება თავისუფლად გრძნობს თავს, მთავარი ესაა ცხოვრებაში…
ნინო მამულაშვილი