ტილოზე ფერებად გამოსახული ლექსები
14:17 13.09.2023 (განახლებულია: 17:19 13.09.2023)
© courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძე

© courtesy of Juli Popkhadze
გამოწერა
თავისი ნოველების პირველ კრებულს „ლურჯი კესანები“ უწოდა...
ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობაშივე ჩაესახა. ხატავდა ყველგან, პირველი ნახატი თავისი ოთახის კედელზე შეასრულა. როცა ფილოლოგი გახდა, წერა დაიწყო. მისთვის ხატვის სტიმული ზოგჯერ საკუთარი ლექსი ხდებოდა, ზოგჯერ კი, პირიქით, თავისივე ნახატით შთაგონებულს ლექსიც დაუწერია. გაიცანით ფილოლოგი და მხატვარი ჯული ფოფხაძე.
- ქალბატონო ჯული, როგორც გავიგე, თქვენი მხატვრობის პირველი მცდელობა კედელზე აისახა ბავშვობაში, როგორ გაიხსენებთ იმ ამბავს?
- როცა სკოლაში სწავლის დროს ჩემი ოთახის კედლები მოვხატე, ჩვენთან შემოსული მეზობლები გაოცებას ვერ მალავდნენ. იმ ნახატების ცქერით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. მოგვიანებით ჩემი „კედლის შემოქმედება“ ბინის რემონტს შეეწირა. შემდეგ იყო დიზაინერობის მცდელობა, ვხატავდი ესკიზებს, ჟურნალებიდან ვიხაზავდი თარგებს და თექვსმეტი წლის ასაკში ჩემი შეკერილი კაბით ვიწონებდი თავს.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძე

ჯული ფოფხაძე
© photo: courtesy of Juli Popkhadze
- რატომ არ შედგა თქვენი სამოდელო კარიერა?
- მაშინ ისეთი დრო იყო, რომ მოდელის საქმიანობას არასერიოზულად აღიქვამდნენ, ამიტომ ჩემი სამოდელო კარიერა ჩანასახშივე ჩაქრა. როცა სკოლა დავამთავრე, შემოთავაზება მივიღე მოდელების სახლიდან, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი განაცხადა. როცა ოჯახი შევქმენი და შვილი გავაჩინე, ქარგვამ გამიტაცა. არასოდეს მიმუშავია შაბლონებზე, ფანქრით ტილოზე გადამქონდა ნახატები და ძაფებით ვაფერადებდი. თეთრად გათენებული ღამეების სანაცვლოდ უამრავი ნაქარგი დამიგროვდა.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი

ჯული ფოფხაძის ნახატი
© photo: courtesy of Juli Popkhadze
- ერთი პერიოდი თეატრთან გქონდათ შეხება...
- სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე რამდენიმე წელი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კანცელარიაში ვმუშაობდი. ეს იყო უბედნიერესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბატონი რობერტ სტურუა მაშინ „მეფე ლირს“ დგამდა. რეჟისორს მოწიწებით ვთხოვე, თუ შეიძლება, რეპეტიციას დავესწრები–მეთქი და ისიც დამთანხმდა. სცენის ახლოს ლოჟაში ჩუმად ვიჯექი და მონუსხული ვადევნებდი თვალს, თუ როგორ იცვლებოდა თითოეული დეტალი, მოქმედება, სცენა. ვაკვირდებოდი მხატვარ-დეკორატორების მუშაობას. თეატრი ხომ სინთეზური ხელოვნებაა და აქ პოეზია, მუსიკა თუ მხატვრობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ასე დაიბადა ჩემ თვალწინ „მეფე ლირი“.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი

ჯული ფოფხაძის ნახატი
© photo: courtesy of Juli Popkhadze
- ვიცი, რომ იმ პერიოდში ერთმა შემთხვევამ თქვენში გარდატეხა მოახდინა, რის შემდეგაც წერა დაიწყეთ...
- მოგახსენებთ. ბატონმა თენგიზ სანიკიძემ, რომელიც გრამატიკის საფუძვლებს გვიკითხავდა, სტუდენტებს ძველქართული სიტყვები ჩაგვაწერინა და გვთხოვა, მათი გამოყენებით პატარა მოთხრობა ან ჩანახატი დაგვეწერა. მეორე დღეს ჩვენი დაწერილი გაერთიანებულ ლექციაზე წაგვაკითხა. სხვებთან ერთად მეც წარვადგინე ჩანახატი, რომელშიც 22 ჩაწერილი სიტყვა მქონდა გამოყენებული. კითხვა რომ დავამთავრე, ბატონი თენგიზი მომიახლოვდა და მითხრა, თუ შეგიძლია, ეგ ჩანახატი მაჩუქეო. არც დავფიქრებულვარ, რვეული ისე გავუწოდე. დღის ბოლოს დერეფანში დამინახა, თავისთან მიხმო და მითხრა – შენი ნაშრომი კიდევ ერთხელ წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ, აუცილებლად უნდა წერო, დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად გამოგივაო. სიხარულისაგან მთელი ღამე არ მიძინია. მას შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ სულ მეწერა და აღარც გავჩერებულვარ. სტუდენტობის წლებმა ზოგადად ბევრი რამ მასწავლა, უფრო მეტად კი პოეზიის მიმართ ინტერესი და სიყვარული გამიღვივა.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი

ჯული ფოფხაძის ნახატი
© photo: courtesy of Juli Popkhadze
- თუ დაგიწერიათ ლექსი თქვენი რომელიმე ნახატის მიხედვით?
- დიახ, მაქვს ასეთი, ეს არის „ზამთარი“. ეს ლექსი, ისევე, როგორც ნახატი, გულგრილს ვერავის ტოვებს. ყველასთვის ახლობელია შეგრძნება „ტყე და ტყის პირას პატარა ოდა, გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა“. ეს სურათი თითქოს სადღაც, ღრმა ბავშვობაში მინახავს და მის გახსენებაზე უსაშველო ნოსტალგიას განვიცდი.
„ამ მოგონებას ვეღარ დავიშლი,
მართობდა ცეცხლში ტკაცუნი შეშის...
ვიცი, საღერღელს ფუჭად ავიშლი,
რომ მონატრება ჭკუიდან შემშლის“...
ჩემს რამდენიმე ლექსს მინდა ნახატი მივუძღვნა – მხატვრობაც ხომ პოეზიაა, ტილოზე ფერებად გამოსახული.
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი

ჯული ფოფხაძის ნახატი
© photo: courtesy of Juli Popkhadze
- რომელია ლექსი, რომელიც ტკივილმა დაგაწერინათ?
- ერთი ლექსი მოჰყვა დედის გარდაცვალებას, რაც ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა. დღემდე ვერ ვარქმევ სახელს იმ მდგომარეობას, რაშიც მისი გარდაცვალების დროს აღმოვჩნდი. ივლისის საშინელი ხვატი იდგა, მე ბავშვთან ერთად სოფელში ვიყავი. ერთ დღესაც დედისთვის დაბადების დღის მისალოცად თბილისში ვბრუნდებოდი, როცა ეს შემზარავი ამბავი გავიგე. წლების მანძილზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სადღაც შორს იყო წასული და მის დაბრუნებას ველოდი. ლექსი გვიან მოვიდა, მაშინ, როცა მონატრება გაუსაძლისი გახდა.
პეშვით მიღვივებდი მარცვალს, სანთლად მენთებოდი ბნელში,
შენგან სამუდამოდ დამრჩა, თუ რამ სიკეთეა ჩემში.
სულში ჩამისახლდი თითქოს, ხმა თან გამუდმებით მდევდა,
შენი - არ გაცივდე შვილო, შენი - გენაცვალოს დედა!
ღამეს მითენებდი თავთან, არ ჩამომვარდნოდა ბეწვი,
როგორ მენატრები ახლა, როგორ მაკლიხარ და მეწვი.
თეთრად დაგტყობოდა თმებზე გულში დაფარული სევდა,
რას არ გავიღებდი, ერთხელ კიდევ დამეძახა - დედა!
არგამოღვიძებას ვცდილობ, როცა ტკბილ სიზმარში გხედავ,
ისევ - არ გაცივდე შვილო, ისევ - გენაცვალოს დედა...
© photo: courtesy of Juli Popkhadzeჯული ფოფხაძის ნახატი

ჯული ფოფხაძის ნახატი
© photo: courtesy of Juli Popkhadze
- თქვენს პირველ კრებულს ერთ-ერთი ნოველის სახელწოდება „ლურჯი კესანები“ ჰქვია.
- ჩემი ლექსებისა და ნოველების კრებულში შესულია როგორც სტუდენტობის დროინდელი ლექსები, ასევე ბოლო თვეებში დაწერილიც. რაც შეეხება ნოველებს, რამდენიმე წლის წინ დავიწყე წერა. ისინი რეალურ ამბებზეა აგებული. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი წიგნის კითხვის დროს ბევრი იტირეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფუჭად არ მიშრომია...
ნინო მამულაშვილი