რატომ გაუუქმდა პრემიერ-მინისტრის მამის კომპანიას ხელშეკრულება: ღვინის სააგენტოს განმარტება

© photo: Sputnik / Andrey Maksimov
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
შესყიდვა რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა აღნიშნული შესყიდვა გაუქმდა.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. წლევანდელ რთველზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რამაც დღის წესრიგიდან მოხსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საწარმოს მიერ ყურძნის შესყიდვა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა „მოსავლის მართვის კომპანიამ” გარკვეული ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მამის ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის კომპანია „ქართულ ფესვებს” 150.000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. შესყიდვა რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა აღნიშნული შესყიდვა გაუქმდა.

„აღნიშნულ კომპანიას, შპს „ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო „ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კონტრაქტებს უფორმებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით.
„მოსავლის მართვის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ „ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ღვინის კომპანია „ქართულ ფესვებს", მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის 2019 წლის თებერვალში დაფუძნდა, მისი 50%-50%-იანი პარტნიორები ტარიელ ღარიბაშვილი და თამარ ალუღიშვილი არიან.
როგორ მიმდინარეობს რთველი 2023
12 სექტემბრის მონაცემებით, რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5 ათასამდე მევენახის მიერ ჩაბარებული 48 ათას ტონამდე ყურძენი.
რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო, აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
12 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 25 ათას ტონამდე „რქაწითელი", 18 ათას ტონამდე „საფერავი", 1,5 ათასი ტონა „კახური მწვანე" და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-მდე მეღვინეობა, რთველის დაწყებიდან ყურძენი 115-მა ქარხანამ გადაამუშავა.
გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
დაზიანებული ყურძენი
2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ამ ეტაპზე გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია).
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0