პესკოვი: პუტინი და კიმ ჩენ ინი მგრძნობიარე თემებზე ისაუბრებენ

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ამ დღეებში პირისპირ ფორმატში გაიმართება, თუმცა პრესკონფერენცია არ იგეგმება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„გაიმართება მოლაპარაკებები. საუბარია ორ დელეგაციას შორის მოლაპარაკებებზე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ლიდერები ხელმძღვანელობენ. შედგება პირისპირ შეხვედრა, იქნება პუტინის სახელით ოფიციალური ვახშამი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად. არანაირი პრესკონფერენცია არ არის დაგეგმილი", — განმარტა პესკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, თუმცა კონკრეტულად სად, ეს ჯერჯერობით არ არის საჯარო ინფორმაცია.
„ჩვენ ჯერ არ ვსაუბრობთ [სად გაიმართება მოლაპარაკებები]. შორეულ აღმოსავლეთში", — თქვა პესკოვმა.
როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, პუტინი და კიმ ჩენ ინი სხვადასხვა სფეროში რუსეთისა და კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საერთაშორისო საქმეებზე იმსჯელებენ; ამასთან მოლაპარაკებების დროს ისინი შეეხებიან „მგრძნობიარე სფეროებსაც".
„რა თქმა უნდა, როგორც მეზობლები, ჩვენი ქვეყნები თანამშრომლობენ სენსიტიურ სფეროებშიც, რომლებიც არ უნდა გახდეს საჯარო ანონსის საგანი. მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივია მეზობელი სახელმწიფოებისთვის", — დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან საჭიროების შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებიც განიხილოს.
ჟურნალისტების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა თეთრი სახლის გაფრთხილებაზე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვას შეეხებოდა, კრემლის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მოსკოვს არ აინტერესებს ვაშინგტონის გაფრთხილება ფხენიანთან მოლაპარაკებების კონტექსტში.

„როგორც იცით, მეზობლებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან, ურთიერთობებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ინტერესები და არა ვაშინგტონის გაფრთხილებები. სწორედ ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესებზე ვიქნებით ორიენტირებული", — განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, 11 სექტემბერს დმიტრი პესკოვმა RTVI-სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა არ იგეგმება.
6 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, გამოეხმაურა რა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელის ედრიან უოტსონის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს დღეებში რუსეთში ჩავა, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების საკითხი განიხილოს, გააფრთხილა კიმ ჩენ ინი, რომ „რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ცუდად აისახება ჩრდილოეთ კორეაზე. ამისთვის მას მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს საერთაშორისო თანამეგობრობაში“.
ყველა ახალი ამბავი
0