პრემიერი: ილია ჭავჭავაძე ერის მამა, მამულიშვილობისა და ზნეობის მაგალითია

© National Library of Georgiaილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
ილია 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს, როდესაც იგი თბილისიდან საგურამოში მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ღია ეტლით მგზავრობდა.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ჩვენმა დედა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია მართალი უწოდა, რაც შემთხვევითი არ არის, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
დღეს 116 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან – დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

„მისმა ტიტანურმა ძალისხმევამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს თავისუფლებისთვის, განსაზღვრა შემდგომი განვითარების პროცესები, შექმნა ურღვევი ფასეულობათა სისტემა, რომელიც დღესაც ორიენტირად რჩება ჩვენთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა.
„ძნელია მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. სწორედ სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამოა მიჩნეული ილია ჭავჭავაძე ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად", – ნათქვამია განცხადებაში.
© საქართველოს ეროვნული არქივიოლივერ და მარჯორი უორდროპები სტუმრად ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში
ოლივერ და მარჯორი უორდოპები სტუმრად ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
ოლივერ და მარჯორი უორდროპები სტუმრად ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) – დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. 1987 წელს ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და „ილია მართალი" უწოდა.
უდიდესია მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნის საზოგადო ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.
როდესაც ბოლშევიკური გაზეთი „მოგზაურის“ ფურცლებზე ჭავჭავაძის წინააღმდეგ კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს, როდესაც იგი თბილისიდან საგურამოში მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად ღია ეტლით მგზავრობდა. სოფელ წიწამურთან მათ ელოდა გიგლა ბერბიჭაშვილის შეიარაღებული ბანდა, რომელმაც გააჩერა ეტლი. ილია ფეხზე წამოდგა და მათ მიმართა: „ილია ვარ, არ მესროლოთ“. გიგლა ბერბიჭაშვილის პასუხი კი იყო: „სწორედ ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ“.
© ეროვნული ბიბლიოთეკაილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი
ქართველი კრიმინალისტების, ისტორიკოსებისა და ექიმების მრავალრიცხოვან კვლევებში აღნიშნულია, რომ ილიას ესროლეს არა წინიდან, როგორც ეს გაკვეთის ოქმში წერია, არამედ უკნიდან.
ეს ნიშნავს, რომ გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებ შეიძლება არაფერი იცოდნენ ბერბიჭაშვილის ბანდის წევრებმაც კი, რომლებიც ჭავჭავაძეს წინ გადაუდგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დღესაც გაუხსნელია, ისტორიის მკვლევარებში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმად მკვლელობის უკან ბოლშევიკები იდგნენ.
ილია დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ყველა ახალი ამბავი
0