მოსაზრება: ვაშინგტონი იძულებულია თავი დაიმციროს „ცუდ ბიჭებთან“

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2023
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
G20-ის დეკლარაცია ის-ის იყო მიიღეს ნიუ-დელიში, რომ აშშ-ში მაშინვე „ფრენების განხილვა“ დაიწყო. როგორ მოხდა, რომ შემაჯამებელ დოკუმენტში − „ოცეულის წმინდა გრაალში“ რუსეთის მიმართ გამოხდომები არ შევიდა, უკრაინული კეისი კი ძალიან თავშეკავებულად არის აღწერილი? რას აკეთებდნენ ამერიკელი დელეგატები და რატომ ვერ შეძლეს უკრაინის საკითხის განხილვაზე დახარჯული 200 საათის განმავლობაში ვაშინგტონის ანტირუსული პოზიციის გატანა?
დოკუმენტი არ შეიცავს არც რუსეთის დაგმობას და არც რუსეთის ჯარების გაყვანის მოწოდებას. არის მხოლოდ ზოგადი ფრაზები ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობის შესახებ. მათი ინტერპრეტაცია კი ისეც შეიძლება, რომ ეს უკრაინამ უნდა სცეს პატივი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას − ყირიმთან და ახალ რეგიონებთან ერთად.
ამერიკელი დიპლომატები თავს იმართლებენ: მათი აზრით, „დეკლარაცია კარგია". მათი ინგლისელი კოლეგები რეალობას იმდენად მოსწყდნენ, რომ Politico-ს განუცხადეს, დეკლარაცია პუტინს აიძულებს ჯარები გაიყვანოს და უკრაინას ტერიტორიები დაუბრუნოსო. ევროპელი ჩინოვნიკები კი ბუზღუნებდნენ, ჩვენ თავად რომ დაგვეწერა დოკუმენტი, მაშინ ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ აქ კონსენსუსი იყო საჭიროო.
ამ დუნე რიტორიკას არ შეუძლია დაფაროს აშკარა ფაქტი: „ოცეულების" სამიტზე უკრაინის კეისის მიმართ BRICS-ის წევრი ქვეყნებისა და მათ მხარეს მყოფი გლობალური სამხრეთის წარმომადგენლების კონსოლიდირებული აზრი ჭარბობდა. სწორედ ეს მოსაზრება აისახა კიდეც საბოლოო დეკლარაციაში.
კოლექტიური დასავლეთი იძულებული გახდა მორჩილად მიეღო არადასავლური უმრავლესობის გადაწყვეტილება. ეს არის არა მხოლოდ რუსეთის დიპლომატიური გამარჯვება, არამედ ძალთა რეალურ განლაგებასაც ასახავს − პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და სამხედროს.
მეოთხედი საუკუნის წინ „დიდი ოცეული“ „დიდი შვიდეულის“ ერთგვარ დანაწონად წარმოიშვა. 1990-იანი წლების ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მილიარდები გააკოტრა გლობალურ სამხრეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხოლო G7 ამ კრიზისს „ნაღებს ხდიდა“. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე განვითარებად ქვეყნებთან ერთად ემსჯელათ. ივარაუდებოდა, რომ „დიდი შვიდეულის“ წარმომადგენლები ილაპარაკებდნენ, დანარჩენები კი პატივისცემით მოისმენდნენ და მითითებებს აასრულებდნენ.
დღეს „დიდი ოცეულის“ შიდა ურთიერთობები 180 გრადუსით შეიცვალა. BRICS-ის ქვეყნებმა G7-ს მსოფლიო მშპ-ის წილით გადაასწრეს და ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო განვითარების მზარდი ტენდენცია აქვთ. დასავლეთის ქვეყნები დაცემას განიცდიან − ისინი კარგავენ სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად საჭირო დიპლომატიურ ბერკეტებს.
ამერიკელი ჟურნალისტები არ მალავენ გაღიზიანებას იმის გამო, რომ ნიუ-დელიში გამართულ სამიტზე ნარენდრა მოდი ასრულებდა სოლოს, აშშ-ის პრეზიდენტი კი უკანა პლანზე იდგა და იშვიათად გამოდიოდა იქიდან ფოტოს გადასაღებად.
სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა აშკარად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ინტერესებს და ანადგურებს მისი ჰეგემონიის ნარჩენებს. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირების იდეა ამერიკული გავლენისგან მის გაწმენდას ისახავს მიზნად. წარმოუდგენელია, რომ ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაცია თვალს ხუჭავდეს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის ღიად დარღვევაზე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.
ინდოეთიდან ევროპისკენ მიმავალი ახალი სატრანსპორტო დერეფანი აშშ-ს ევროკავშირსა და ბჰარატს შორის ურთიერთობებიდან განდევნის. აფრიკის კავშირის „ოცეულში" მიწვევა კიდევ უფრო გაართულებს ვაშინგტონის შანსს, ზეწოლა მოახდინოს თავის კონტრაგენტებზე ბოიკოტებითა და სანქციებით. ყოფილი ჰეგემონი იმდენად ცდილობდა რუსეთისა და ჩინეთის შერისხულებად ქცევას, რომ თვითონაც ვერ შეამჩნია, როგორ დაიწყო შერისხულად გადაქცევა.
გამოცემა Politico-ს ჟურნალისტებმა ფარული ბოროტი სიხარულით აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამიტზე მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე „ცუდ ბიჭებთან" მოუწია ურთიერთობა. ლიბერალურ ახალმეტყველებაში ასე უწოდებენ რეჯეფ ერდოღანს − თურქეთის ლიდერს, მოჰამედ ბინ სალმანს − საუდის არაბეთის ლიდერს. ადრე „ცუდი ბიჭების" რიგში ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც შედიოდა. გავლენიანი ამერიკული მედია ნარენდრა მოდის „უკიდურესად მემარჯვენე ავტოკრატად" მოიხსენიებდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი მას ვიზა არ მისცა.
მაგრამ ეს დრო წავიდა. ახლა აშშ-ის პრეზიდენტი იძულებულია ცუდი ბიჭების წინაშე პირფერობა დაიწყოს. ევროპელმა კომენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ბაიდენი, რომელმაც მანამდე უარი თქვა ხელი ჩამოერთმია მუჰამედ ბინ სალმანისთვის (ერთი წლის წინ შეხვედრისას ისინი ერთმანეთს მხოლოდ მუშტებით შეეხნენ), ნიუ-დელიში იძულებული გახდა საჯაროდ ჩამოერთმია ხელი საუდის არაბეთის პრინცისთვის. და ეს ხელის ჩამორთმევა, როგორც მასპინძელმა, თავად ნარენდრა მოდიმ განამტკიცა.
არადა, სამიტს არ ესწრებოდა თანამედროვეობის ორი „ყველაზე ცუდი ბიჭი“ − ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი. მაგრამ მათ მიმართ არანაირი კრიტიკა არ ჩამორიგებულა. ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც მუქარები და შეურაცხყოფები თითქოს დაავიწყდა, გასაკვირად წყნარად იქცეოდა. ის არც კი გამოხმაურებია კულუარებში გავრცელებულ ჭორებს, რომ ჩინეთის ხელისუფლება არ ეთანხმება 2026 წელს „დიდი ოცეულის" სამიტის აშშ-ში ჩატარების იდეას.
ჩინეთის ლიდერის შესახებ ბაიდენს ზუსტად სამი სიტყვა ამოქაჩეს: would be nice, − თქვა მან, რითაც აღნიშნა, რომ სი ძინპინის სამიტზე ხილვა გაახარებდა. და მორჩა. არანაირი განცხადება „უიღურების შევიწროების" შესახებ, არანაირი პროვოკაცია ტაივანთან დაკავშირებით.
ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ უჩივის ინდოეთის ლიდერს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მკვეთრად უპასუხა, რომ სამიტზე „საჯარიმო ბარათების გასაცემად" არ ჩასულა.
მაგრამ სწორედ ეს არის ის, რასაც ამერიკელი ჩინოვნიკები ათწლეულების მანძილზე აკეთებდნენ მსოფლიო ასპარეზზე − ჯარიმებს უწესებდნენ დაუმორჩილებელ ქვეყნებს, დამოუკიდებელ ლიდერებს ყველა ცოდვაში ადანაშაულებდნენ, ზეწოლას ახდენდნენ ნებისმიერ სუვერენულ პოლიტიკოსზე თავიანთი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.
ნიუ-დელიში ეს საშინელებათა მანქანა გაფუჭდა, თანაც ყველას თვალწინ. ვაშინგტონის ევროპელმა ვასალებმაც კი ვერ შეამჩნიეს, რომ აკელას ხელი მოეცარა. ვფიქრობ, ისინი დასკვნას გააკეთებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0