რა ხდება სტიქიის ზონაში - ბოლო მონაცემები გურიიდან

© Emergency Management Service of Georgiaღვარცოფი გურიაში
ღვარცოფი გურიაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2023
გამოწერა
გუშინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. გურიაში სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი და ახლა სოფელ ხორეთიდან სამაშველო ბრიგადას ხუთი ადამიანი გამოჰყავს, განუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პირველ არხს.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას გურიაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით, სტიქიის ზონიდან დაახლოებით 50-მდე ოჯახი გამოვიყვანეთ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი ჩოჩხათის თემიდან გამოიყვანეს.
ლანჩხუთის მერის თქმით, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს.
„იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან უბნებზე, არსებობს ცხელი ხაზი და უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუკი ვინმეს პრობლემა შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხორეთში ცუდი ვითარება იყო, ამ დროისთვის მდინარეში წყლის დონე უკვე დაკლებულია. ყველა სოფელში მუშაობენ მერის წარმომადგენლები და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
რას შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მერის განცხადებით, ამ პროცესში უკვე ჩაერთო შესაბამისი ტექნიკა.
„ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც დამეწყრილია და წაღებულია მიწა. მთავარია, პირველ რიგში, გავწმინდოთ“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
პარასკევს მოსულმა ძლიერმა ნალექმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. გურიის, აჭარისა და კახეთის ზოგიერთ რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
უამინდობის შედეგად გურიის რეგიონში ადიდებულია მდინარეები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მეწყერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ათამდე სახლი ჩაიყოლა.
ყველა ახალი ამბავი
0