მოსაზრება: რუსეთმა აშშ-სა და ევროპაში ფულის გამომუშავების კიდევ ერთი გზა იპოვა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
გამოწერა
ნადეჟდა სარაპინა
ბრაზილიამ 24 წლის განმავლობაში პირველად შეიძინა 72 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ურანი. ამასთან „როსატომი"ქვეყნის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს საწვავით უზრუნველყოფს. განახლდა მიწოდება ინდოეთში, ხოლო აშშ-მა იმპორტი გააორმაგა. მხოლოდ ექვს თვეში ვაშინგტონმა მოსკოვს თითქმის 700 მილიონი დოლარი გადაუხადა. იმის შესახებ, თუ როგორ აძლიერებს რუსეთი პოზიციებს ბაზარზე, „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი წერს.

კარგად დავიწყებული ძველი

წელს ბრაზილიამ 27,1 ტონა რუსული გამდიდრებული ურანი (18.9 მილიონი დოლარის ღირებულებისა) და 26.9 ტონა ბუნებრივი ნედლეული (52.7 მილიონი დოლარის ღირებულებისა) შეიტანა ქვეყანაში. მანამდე შესყიდვები 1999 და 1998 წლებში განხორციელდა. ამასთან, უკვე რამდენიმე წელია, „როსატომი" მედიცინისთვის იზოტოპური პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია.
2022 წელს ბრაზილიელებმა ბუნებრივი ურანი შეიძინეს: დიდ ბრიტანეთში — 23,5 მლნ დოლარი, ყაზახეთში — 17,3 მლნ დოლარი, და კანადაში — 4,6 მილიონი დოლარი. გამდიდრებული ურანი კი იმავე დიდ ბრიტანეთში — 13,7 მლნ დოლარი, გერმანიაში — 1,1 მლნ დოლარი, შვედეთში — 893 ათასი დოლარი და აშშ-ში — მხოლოდ ხუთი ათასი დოლარისა. ახლა თითქმის ყველაფერი რუსეთმა მიაწოდა, მხოლოდ ამერიკელებმა შემოიტანეს 2.2 ათასი დოლარის ღირებულების გაუმდიდრებული ურანი.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 13,5 მილიონი დოლარის ღირებულების 118 ტონა ნედლეული ინდოეთში გაიგზავნა. „როსატომი" მონაწილეობს „კუდანკულამის" ენერგობლოკების მშენებლობაში, განიხილება საწარმოო სიმძლავრეების ერთობლივი გაზრდის პერსპექტივები.
ექსპერტი ალექსანდრ ტიმოფეევი ამას გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით ხსნის. მისი აზრით, ენერგოდეფიციტის მქონე რეგიონები, რომლებიც აქამდე მხოლოდ გაზზე იყვნენ ორიენტირებული, იძულებულნი არიან, ალტერნატივა მოძებნონ.
აშშ-შიც კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა სურს, 6 თვეში შესყიდვები გაორმაგდა და ადგილობრივი ბაზრის 32 პროცენტი შეადგინა. ამერიკის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეს 2005 წლის შემდეგ მაქსიმუმია. 416 ტონაზე მოსკოვმა 696,5 მილიონი დოლარი მიიღო.

ტექნოლოგიური უპირატესობა

დასავლეთს რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მჭიდრო ურთიერთქმედება დღემდე არ წყდება. და ეს იმდენად სარესურსო ბაზის შედეგი არ არის, რამდენადაც ტექნოლოგიური უპირატესობისა.
„გამდიდრების ტექნოლოგიას ერთეულები ფლობენ, თანაც ზოგიერთმა უკვე შეწყვიტა მისი განვითარება. კერძოდ, აშშ-მა. ამერიკა 2027 წლისთვის საკუთარი წარმოების აღდგენას ვერ მოახერხებს, ამიტომაც არ შეუძლია უარი თქვას ჩვენს გამდიდრებულ ურანზე", — განმარტავს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი სერგეი პიკინი.
„ჩვენ საწვავით მსოფლიოში არსებული ატომური რეაქტორების თითქმის ნახევარს ვამარაგებთ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან საფრანგეთში არ არსებობს ასეთი სიმძლავრეები", — დასძენს დამოუკიდებელი სამრეწველო ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.
გარდა ამისა, რუსეთს აქვს უზარმაზარი გამოცდილება ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში, ასევე საწვავის დამზადებასა და გადამუშავებაში. ინდოეთის გარდა, „როსატომი" ახორციელებს პროექტებს თურქეთში — ატომური ელექტროსადგური „აკკუუ", ეგვიპტეში — „ელ-დაბაა", უნგრეთში — „პაქშ-2", ბანგლადეშში — „რუპური", ჩინეთში — „ტიანვანი" და „სუიდაპუ". სულ 33 ბლოკი.
კორპორაცია ასევე ათვისებს ბირთვული საწვავის ჩაკეტილი ციკლის ტექნოლოგიას. ეს საშუალებას მოგვცემს, განმეორებით გამოვიყენოთ ნარჩენი საწვავი, უზრუნველვყოთ ბირთვული ენერგია ათასწლეულების განმავლობაში და რეაქტორები პრაქტიკულად მარადიულ ძრავებად ვაქციოთ. შესაბამისად, ენერგია გაიაფდება. ბელოიარსკის ატომურ სადგურში ენერგობლოკების ნახევარი სწორედ ასე მუშაობს — სწრაფ ნეიტრონებზე.
ამის გაკეთება სურდათ საფრანგეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიას, მაგრამ არ გამოუვიდათ და ინოვაციური პროექტები დაიხურა. მხოლოდ რუსეთმა მიაღწია წარმატებას. უახლოეს პერსპექტივაში შესაძლო კონკურენტებს შორის მხოლოდ ჩინეთია.

სამომავლო სარგებელი

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური უპირატესობა თავისთავად არ ნიშნავს მომხმარებლის გარანტიას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდოეთი და ბრაზილია ფასდაკლებებმა მიიზიდა. ასე თუ ისე, მაღალი ხარისხი და მიმზიდველი ფასები რუსეთს საშუალებას მისცემს ამ ბაზრებზე დამკვიდრდეს, ამბობს ფინანსური უნივერსიტეტის სტრატეგიული და ინოვაციური განვითარების დეპარტამენტის დოქტორი მიხაილ ხაჩატურიანი.
ხაზანოვი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ნიუ-დელის ატომური ენერგეტიკის განვითარების მასშტაბური გეგმების განხორციელება რთულია მოსკოვის გარეშე. პეკინში მიაჩნიათ, რომ მიწოდების დივერსიფიკაცია ამცირებს შესაძლო მორიგი სანქციებისგან დანაკარგებს.
„სხვადასხვა ვარიანტების დამუშავებას დრო სჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი მუშაობს. უპირველეს ყოვლისა, ეს ლოგისტიკის საკითხი და რთულად კონვერტირებადი ვალუტებით ანგარიშსწორების საკითხია, ისეთისა, როგორიცაა ინდური რუპია", — ამბობს ის.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის მიერ ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ვაჭრობის შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა. მაგალითად, ნიგერში სახელმწიფო გადატრიალების გამო, სადაც ურანის დიდი მარაგებია, საწვავი გაძვირდება საფრანგეთისთვის და პარიზს სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევს. ხოლო რადგანაც 2026 წლის შემდეგ მსოფლიო მოპოვების შემცირება, საბადოების გამოფიტვის გამო, სავსებით რეალურია, საიმედო მომწოდებლებს უფრო და უფრო მეტად აფასებენ.
გაიზრდება მოთხოვნა უნარჩენო რეაქტორების მშენებლობაზეც. ამაში კი რუსეთს კონკურენტები ჯერ არ ჰყავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0