ნახეთ აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს: მაღალი ემოციური ინტელექტის ექვსი ძირითადი ნიშანი
17:45 08.09.2023 (განახლებულია: 20:05 08.09.2023)
© Unsplash/jusdevoyageყვავილი

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ემოციური ინტელექტი — ეს იმ უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანს როგორც საკუთარი, ისე ირგვლივ მყოფების ემოციების ამოცნობაში, განზრახვების, მოტივაციებისა და სურვილების გააზრებაში, ასევე ემოციების მართვაში ეხმარება.
მოკლედ რომ ვთქვათ, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს.
იმისათვის, რომ შეიტყოთ, რამდენად მაღალია თქვენი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი (Emotional Intelligence, EI), ფსიქოლოგების მიერ გამოყოფილი რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი უნდა იცოდეთ.
ადამიანის ემოციური ინტელექტი მაღალია, თუ:
ის მადლიერია იმისთვის, რაც უკვე აქვს — როდესაც ადამიანი უფრო მეტად კონცენტრირდება იმაზე, რაც აქვს და არა იმაზე, რაც არ აქვს და უნდა რომ ჰქონდეს, ის ახალი ცხოვრებისეული მიზნების დასახვასა და მათ მიღწევას ახერხებს.
არ აძლევს სხვებს ცრუ იმედებს — არ ეშინია ნაცნობებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან დაშორება, და სულაც არ ფიქრობს, რომ მათი სხვა ადამიანებით ჩანაცვლებაა საჭირო, რათა გაჩენილი სიცარიელე შეავსოს. გარდა ამისა, ერიდება უცნაურ სიტუაციებსა და ურთიერთობებს, სადაც წესები ბოლომდე გარკვეული არ არის. არ ატყუებს სხვას, რომ ის უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე სინამდვილეშია.
არ უჭირს უარის თქმა — ის არასდროს დაეთანხმება ადამიანს თხოვნაზე ან შეთავაზებაზე, თუ ამის გაკეთება არ სურს, ან არ შეუძლია — იმის იმედით, რომ მეორე მხარე აზრს შეიცვლის, ან საკითხი თავისით მოგვარდება. მისი „დიახ" არის „დიახ" (და ისინი თავიანთ სიტყვას ასრულებენ), ხოლო „არა" — ეს „არაა". ამასთან ის სულაც არ გრძნობს თავს ვალდებულად, რომ უარის საფუძველი განმარტოს.
არ ეშინია, აღიაროს შეცდომა — ბოდიშის მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს. შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ძალის ნიშანია და არა სისუსტისა. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ეს შეუძლიათ. მათ იციან, რომ ერთი შეცდომა სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს, ხოლო ბოდიშის მოხდა ვერაფერს აკლებს მათ რეპუტაციასა და თავდაჯერებულობას.
არ გაურბის კონფლიქტს — უბრალოდ, კორექტულად იცავს თავს და საკუთარ უფლებებს. თუ გრძნობს, რომ ვინმე მის პირად საზღვრებს არღვევს, აუცილებლად იცავს მათ და არ უშვებს, რომ დისკუსია დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამასთან იცის, რომ კამათში გამარჯვება ზოგჯერ საუკეთესო ვარიანტი არ არის, და რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ხანდახან დათმობაზე წასვლაა საჭირო.
არ ელის, რომ მის აზრებს უთქმელად ამოიცნობენ — სულაც არ მიაჩნია, რომ „ყველაფერი ისედაც ცხადია“ და მის სურვილებს უსიტყვოდ გაიგებენ. მაგალითად, მეუღლე ნაგავს თავისით გადაყრის, შეფი კი თავისით დააწინაურებს, ვინაიდან ის ამას იმსახურებს. მაღალი EI-ს მქონე ადამიანები თავიანთ სურვილებს, მოთხოვნებსა და მოლოდინებს სიტყვებით გამოხატავენ, ანუ აუცილებლად ახმოვანებენ მათ.
დაიმახსოვრეთ! ემოციურ ინტელექტს ხშირად ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების აბსოლუტურ გასაღებად წარმოაჩენენ — იქნება ეს სკოლა, სამსახური თუ ურთიერთობები. თუმცა, ჯონ მაიერის აზრით, EI შესაძლოა, ცხოვრებისეული პოტენციალის მხოლოდ 1-10%-ს განაპირობებდეს (სხვა მონაცემებით — 2-25%-ს).
ემოციური ინტელექტის პოპულარული და სამეცნიერო კონცეფციები მხოლოდ იმაში ეთანხმება ერთმანეთს, რომ ემოციური ინტელექტი აფართოებს წარმოდგენას იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ჭკვიანი.