გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი - დავით ნარმანიას პასუხი

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 2023 წლის 1 იანვრიდან ხუთი წლის ვადით განისაზღვრა.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფის შეცვლა არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებს 2022 წელს გადახედა და უცვლელი დატოვა.

„კომისია გაზის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას არ აპირებს და არც შემცირებას, თუმცა არც ზრდის მოლოდინი არ არის“, – განაცხადა ნარმანიამ.

როგორც ნარმანიამ განმარტა, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობისთვის ხუთი წლით არის დადგენილი. მისი თქმით, კომისიამ გამოიყენა იმ პერიოდისთვის არსებული ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დღევანდელი კურსისგან.
„ვალუტის კურსი გარკვეული მერყეობით ხასიათდება და განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთრის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის ვუყურებთ ვალუტის კურსს და მის გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე. ამიტომ ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედება”, – განაცხადა ნარმანიამ.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3-წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ბუნებრივი აირის ტარიფები განისაზღვრება 5-წლიანი რეგულირების პერიოდით – 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0