ვის ხარჯზე გაემგზავრა ღარიბაშვილი ვაჟთან ერთად აშშ-ში? მთავრობის „სტრატკომის" განმარტება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად გაემგზავრა საკუთარი და არა სახელმწიფო ხარჯებით, ნათქვამია ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის (სტრატკომი) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აგვისტოს ბოლოს ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ მოამზადა სიუჟეტი ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ. სიუჟეტი აგებული იყო ერთი საკითხის ირგვლივ – თუ ვის ხარჯზე მოიწყვეს ღარიბაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა - რედ.) „ამერიკული არდადეგები". ოპოზიციაზე დაყრდნობით მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში, რომელსაც ხშირად აკრიტიკებს, კორუფციული გარიგებებიდან მიღებულ ფულს ხარჯავს.
„სტრატკომის“ ინფორმაციით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაჟთან ერთად ამერიკაში ჩარტერული რეისით გაფრინდა.

„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„TV პირველის" სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ავიარეისზე „ნიუ-იორკი–თბილისი“ ბიზნეს-კლასის ბილეთი ღარიბაშვილის ხელფასზე თითქმის სამჯერ ძვირია, ხოლო პრემიერის დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ, თვიდან თვემდე თავი გაჭირვებით გააქვს და რომ არა მამის ფინანსური მხარდაჭერა, ის ბანკში სესხსაც ვერ დაფარავდა.
© Courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი ნიკოლოზ ღარიბაშვილი
Сын премьер-министра Грузии Ираклия Гарбиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი ნიკოლოზ ღარიბაშვილი
„სტრატკომის“ განმარტებით, ღარიბაშვილი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.
გუშინ, 6 სექტემბერს ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ კომანტარი გააკეთა „სტრატკომის“ ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმაც.
მისი განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებები სკანდალის აგორებას ცდილობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში პრემიერი აშშ-ში ვაჟთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა.

„ისინი ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც, მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს“, – დაწერა გიორგობიანმა სოციალური ქსელში.

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, ღარიბაშვილი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია მისი ყველა ხარჯი. „შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას“, – განაცხადა მან.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ვაჟი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში – პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩაირიცხა, 2022 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა გაავრცელა.
ყველა ახალი ამბავი
0