დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო აკადემია აშენდება

© photo: Sputnikფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
„თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „სამტრედია" მშობლიურ ქალაქში საფეხბურთო აკადემიას ააშენებს, განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში.

„სამტრედიაში მალე ახალ პროექტს, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას დავიწყებთ. აკადემიას ექნება ოთხი მოედანი, ადმინისტრაციული, საცხოვრებელი და სასწავლო კომპლექსი. დიდი გეგმები გვაქვს, რადგანაც გვსურს, რომ კლუბი განვითარდეს", – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, რომ 10 წელიწადში „სამტრედია" 90%-ით აკადემიის ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს.
ბოლო წლებში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში ბევრი „სამტრედიელი" თამაშობდა, რომელთა შორისაა თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე, საბა კვერკველია, ჯიმი ტაბიძე, ბექა მიქელთაძე, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, გიორგი კვერნაძე, რომელიც ახლახან იტალიურ კლუბ „ფროზინონეში" გადავიდა.

„პარადოქსია, რომ ბოლო წლებში სამტრედიაში თანამედროვე საფეხბურთო სკოლა არ იყო და ამის გამო ტალანტები სხვადასხვა ქალაქში დაიფანტნენ. როცა ნორმალური პირობები გვექნება, შესანიშნავი თაობა წამოვა", – განაცხადა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, სამტრედიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ საფეხბურთო ცენტრს ააშენებს. როგორც ადრე ფედერაციამ განაცხადა, ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის წყალობით ქალაქს ექნება ორი სტანდარტული მოედანი ტრიბუნებითა და გასახდელებით, ასევე დამონტაჟდება განათების სისტემა.
ახალი საფეხბურთო ცენტრი ხის გადამამუშავებელი კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა. ამით საფეხბურთო კლუბს ნორმალურ მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა, ხოლო საფეხბურთო სკოლას სათანადო ინფრასტრუქტურა ექნება.
დღეისათვის „სამტრედია" საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში 16 ქულით ბოლო, მეცხრე ადგილზეა და ეროვნული ლიგიდან გავარდნის პერსპექტივა აქვს. საქართველოს ჩემპიონატი 9 დეკემბერს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0