ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის გზაზე საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას

CC BY 2.0 / Neilhooting / Parliament Building, Budapestუნგრეთის დროშა
უნგრეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2023
გამოწერა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველო აფასებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის და პირადად საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს აქტიურ მხარდაჭერას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან გამართა შეხვედრა. ქართველმა დიპლომატმა საპატიო სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში.

„ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირის წევრობა დაკავშირებულია გრძელვადიან ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია... დარწმუნებული ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად, დასძინა დიპლომატმა.

„იმედი გვაქვს, რომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მტკიცე კავშირს ევროკავშირთან. დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზაზე უნგრეთი მომავალშიც საქართველოს გვერდით იდგება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. სამმა ქვეყანამ განაცხადი თითქმის ერთდროულად გააკეთა, თუმცა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისია.
ყველა ახალი ამბავი
0