ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს

© photo: Sputnik / Stringerსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
ინფლაციის შემცირება გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გააკონტროლებს ქვეყანაში ინფლაციის დონეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აგვისტო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით) 0,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადზე გადაანგარიშებით აგვისტოში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,2%) და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (5,7%), ხოლო შემცირდა ტრანსპორტზე (–7,9%), ჯანდაცვაზე (–7,3%) და კავშირგაბმულობაზე (–2,7%). სურსათზე ფასები წლიური 2,4%-ით გაიზარდა.

„ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს. 0,9% არის ინფლაცია და ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე 3%-ს ქვემოთ რჩება ინფლაციის დონე“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგა ინფლაციის შესამცირებლად, რაც იყო გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„ინფლაცია აგვისტოში არის 0,9%, რაც, რა თქმა უნდა, არის დიდი მიღწევა მაშინ, როცა ეს გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში და მთელ განვითარებულ სამყაროში, სადაც მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასებია“, – განაცხადა მან.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დაკლებულია ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე, „სურსათის ფართოდ მოხმარებად პროდუქტებზე“.

„ამას ჩვენ რეგულარულად შევამოწმებთ. მე კონკურენციის სააგენტოს მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება მარჟების დაწესება ძირითად მოხმარებად პროდუქტებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საფასო პოლიტიკაზე კონტროლი დააწესა. კერძოდ, მიმდინარეობს საწვავის და პირველი მოხმარების საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა.
ყველა ახალი ამბავი
0