საქართველოში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი" ტარდება

© Georgian National Film Centerანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი"
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
ანიმაციური ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ისაიას (ზურაბ ჭანტურიას) ინიციატივით ტარდება.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სოფელი ნიქოზი ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალ „ნიქოზს" მასპინძლობს, რომელიც 1 სექტემბერს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ფესტივალის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ხელოვნების სკოლების სტუდენტებისა და ახალგაზრდა ანიმატორების პროფესიული ზრდა, ქვეყანაში ანიმაციის განვითარება და რეგიონის კულტურული ცხოვრების აღორძინება.
წელს ფესტივალზე 23 ქვეყანაა წარმოდგენილი, პროგრამაში შესულია 100 რეჟისორის 125 ფილმი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა საფრანგეთი, პორტუგალია, იაპონია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვ.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიში ანა ჩუბინიძეცაა>>>
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მრავალფეროვანი და საინტერესო საფესტივალო პროგრამა მოიცავს დამწყები და გამოცდილი რეჟისორების ანიმაციური ნამუშევრების ჩვენებას, მუსიკალურ მინიატურებს, მასტერ-კლასებსა და ფოტოგამოფენებს.
ფესტივალის გახსნის ცერემონია ნიქოზის საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა. ეპისკოპოსის რეზიდენციაში სხვადასხვა ანსამბლებმა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები წარმოადგინეს.
სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი“ 2011 წელს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას (ზურაბ ჭანტურია) ინიციატივით დაარსდა. ბერად აღკვეცამდე ზურაბ ჭანტურია თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე მხატვარ-ანიმატორის სპეციალობაზე სწავლობდა. მუშაობდა ანიმაციური ფილმების სტუდიაში. 1995 წელს ეპისკოპოსად ხელდასმის შემდეგ ნიქოზის საკათედრო ტაძართან მან პატარა ანიმაციური სტუდია დააარსა. იქვე დაიბადა ანიმაციური ფილმების ფესტივალის ჩატარების იდეა.
ანიმაციური ფილმების ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0