თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებლებს სახსრების ენდოპროთეზირებას დაუფინანსებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება, ხოლო მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელება დაიწყო – მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს დააფინანსებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის თითოეული ბენეფიციარი დედაქალაქის მერიისგან 6 ათას ლარს მიიღებს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.
ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.
პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად);
სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი);
თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მერიის ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0