ევროპა ამას არ აპატიებდა - ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
„თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბევრს საუბრობს ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე და ამავე დროს ეწინააღმდეგება თავისივე სიტყვებს საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევით. ამას ევროპაში არცერთ პრეზიდენტს არ აპატიებდნენ, განაცხადა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იწყებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას „კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან" დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წინააღმდეგი იყო, იგი 31 აგვისტოს გაემგზავრა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

„საქართველოში ბევრი რამ კეთდება სხვის დასანახად, რათა ვაჩვენოთ, ვითომ ჩვენ ევროპული სტანდარტების მქონე ევროპული ცივილიზაცია ვართ. თავად ზურაბიშვილი საუბრობს ევროპაზე და თვითონვე დაარღვია კანონი, კონსტიტუცია. მან იცის, რომ მსგავსი ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა სერიოზული პრობლემა", – განაცხადა სიხარულიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ზურაბიშვილს ქვეყნის კონსტიტუცია ნაკლებად აღელვებს და უფრო საკუთარი იმიჯი აინტერესებს.

„ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ზურაბიშვილს „ფეხებზე ჰკიდია" საქართველოს კონსტიტუცია და ამ ყველაფერს თავისი იმიჯისთვის და პრესტიჟის ასამაღლებლად აკეთებს. რამეთუ ამ შეხვედრებმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე რამეზე იმოქმედოს", – განაცხადა ექსპერტმა.

გარდა ამისა, სიხარულიძე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს კანონმდებლობის თვალსაზრისით მიიჩნევს აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებად და ასევე სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად. მისი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტია, ამიტომაც ზოგს დასავლეთში, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება არ მოეწონოს.

„და აქ ისევ იქნება ბრძოლა. „ქართული ოცნების" სურვილია აჩვენოს, რომ მას აქვს სურვილი და ნება გადადგას გარკვეული ნაბიჯები, ხოლო მეორე მხრივ – დასავლეთში არავინ გაანაწყენოს", – აღნიშნა ექსპერტმა.

სიხარულიძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება" შეძლებს დასავლეთის წინაშე არგუმენტად გამოიყენოს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ქმედება ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და მოითხოვოს მათგან, დაიცვან ეს ღირებულებები საქართველოში.
„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს>>>
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის თანხმობა. საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 84 მანდატი აქვს, მაშინ, როცა იმპიჩმენტისთვის აუცილებელია 100 ხმა.
2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტმა დაგეგმა ვიზიტები შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, ბულგარეთში, დანიაში, ხოლო დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ისრაელში. ყველა ვიზიტთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა მთავრობისგან უარი მიიღო.
ხუთშაბათს, 31 აგვისტოს ზურაბიშვილი ბერლინში თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0