საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას - ზუროსი

© B. C. Buducnostილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელაზე დამაჯერებლად, ანგარიშით 70:59 გაიმარჯვა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ქართველმა კალათბურთელებმა ვენესუელაზე გამარჯვებით და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადასვლით დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ტურნირზე თამაშს, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ვენესუელის გუნდი ანგარიშით 70:59 დაამარცხა და პლანეტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ის ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს. ¼ ფინალში გასასვლელად გუნდი დაუპირისპირდება გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს.

„მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. ამ დღეების მანძილზე მათ შესანიშნავად იმუშავეს და ყველას აჩვენეს, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებდით. ეს ქართული სულია. მიხარია, რომ ამ წარმატებით მთელმა ქვეყანამ გაიხარა", – განაცხადა ზუროსმა.

მწვრთნელის თქმით, მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ადვილი არ არის. „ვეცდებით გამარჯვებებისთვის მომდევნო ჯგუფურ ეტაპზეც ვიბრძოლოთ", – განაცხადა ზუროსმა.
როგორც მან აღნიშნა, კალათბურთელები მატჩიდან მატჩამდე ცდილობენ, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველომ ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა>>
„ავსტრალიასა და გერმანიას ბრწყინვალე გუნდები ჰყავთ, ისინი NBA-ს დონის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული და მათი თითოეული კალათბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, თუმცა ბრძოლა და სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია", – აღნიშნა ილიას ზუროსმა.
ვენესუელის წინააღმდეგ მატჩში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 25 ქულა აიღო. პრესკონფერენციაზე შენგელიამ განაცხადა, რომ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული შეხვედრა ჩვენთვის ფინალია. ვენესუელასთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სლოვენიასთან მარცხის შემდეგ მხოლოდ ორი დღე გვქონდა. ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ, ერთად დგომა, ემოციის კონტროლი და გამარჯვება შეგვიძლია", – განაცხადა შენგელიამ.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 32 ნაკრები ჯამში 92 მატჩს გამართავს.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება. გუნდები რვა ჯგუფად არიან დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი აგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0