ყველაზე საშიში სიზმრები: მეცნიერებმა კოშმარების ტოპ-11 შეადგინეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ადამიანს კოშმარები უმიზეზოდ არ ესიზმრება, ნებისმიერი სიზმარი — ეს იმის ღრმად შეგრძნება და განცდაა, რაც უკვე მოხდა, უნდა მოხდეს ან შეიძლება მოხდეს, ამტკიცებენ მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები.
ჟურნალ Sleep-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კოშმარული სიზმრები ადამიანს რეალურ ცხოვრებაში მოსალოდნელი საფრთხეებისთვის ამზადებს. ანუ სანამ ადამიანს სძინავს, ტვინი სწავლობს, როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს მოსალოდნელ მოვლენაზე.
იმის დასადგენად, თუ რა კოშმარები ესიზმრებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად, კანადელმა ფსიქოლოგებმა 572 მოხალისეს დაავალეს, 5 კვირის განმავლობაში ყოველ დილით ჩაეწერათ სიზმრები.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 10.000 სიზმრიდან აშკარად კოშმარული მხოლოდ 253 სიზმარი იყო, ხოლო 431 — უბრალოდ ცუდი. დანარჩენი სიზმრები ჩვეულებრივი „შინაარსისა“ იყო და მონაწილეებს არანაირად არ აშფოთებდა.
რაც შეეხება ყველაზე უსიამოვნო განცდის გამომწვევ სიზმარს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიკვდილი არ ყოფილა — ამ მხრივ პირველი ადგილი სულ სხვა მოვლენას ერგო.
კოშმარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
მსოფლიო დღეს
ხშირი კოშმარები უკურნებელი დაავადების ადრეული სიმპტომია: დადგინდა მეცნიერული კვლევით
კანადელი მეცნიერების ვერსიით, ყველაზე საშინელი კოშმარების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1.
ფიზიკური აგრესია — თავდასხმის მუქარა ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობას ესიზმრებოდა. მანამდე კვლევით დადასტურდა, რომ ასეთი სიზმრები უფრო ხშირად ქალებს აქვთ და მათში გაუპატიურების სცენარები ფიგურირებს.
2.
კონფლიქტები და ჩხუბები — საუბარია არა რაიმე მცირე გაუგებრობაზე, არამედ სასტიკ შეურაცხყოფასა და დამცირებაზე.
3.
წარუმატებლობა და ჩავარდნები — ექსპერიმენტის მონაწილეთაგან ზოგს ესიზმრებოდა, რომ დაფასთან გაიძახეს და მასწავლებლის კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა, ზოგს — რომ რთული მოლაპარაკება ან პროექტი ჩაუვარდა.
4.
დევნა — კოშმარების კლასიკური და ხშირი თემა, განსაკუთრებით, თუ ძილის წინ დეტექტივებსა და ტრილერებს კითხულობთ. იმის შიში, რომ მდევარს ვერ გაექცევა, ძალიან ბევრისთვისაა ცნობილი.
5.
მისტიკური ბოროტება — მოჩვენებები და სხვა ურჩხულები, რომლებსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ მათ არსებობას.
6.
ავადმყოფობა, ტრავმები, სიკვდილი — მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობენ, სიზმარში საკუთარი თავის მკვდარად ხილვა კარგი ნიშანია, აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ეს ძალიან მძიმედ სანახავი სცენაა.
7.
კატასტროფა — ავარია, თვითმფრინავის ჩამოვარდნა, კლდიდან გადავარდნა და ნებისმიერი სხვა ფატალური შემთხვევა არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში, არამედ სიზმარშიც ძალიან ბევრს აშინებს.
8.
ავი წინათგრძნობა — საოცარია, მაგრამ ეს შეიძლება ძილშიც მოხდეს. ადამიანმა არ იცის, რომ საფრთხეშია, მაგრამ აქვს შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდება. ხშირად ეს რეალურ ცხოვრებაში მშფოთვარე ფიქრების შედეგია.
9.
მწერები, გველები, ვირთხები — ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს რეალურ ცხოვრებაშიც ეშინია მათი.
10.
ბუნებრივი კატასტროფები — ხანძრები, ცუნამები, მიწისძვრები ასევე შედის იმ საშიშ მოვლენათა სიაში, რომლებიც ძილშიც აფრთხობს ადამიანებს.
11.
გარემო რეალობის დამახინჯება — წარმოიდგინეთ, რომ კარადა უეცრად ორჯერ გაიზარდა და თავს დაგესხათ. ან ვითომ ქუჩაში გახვედით და მიხვდით, რომ გზა პირდაპირ მიწისქვეშეთში მიდის. ამ ანომალიების წარმოუდგენელი უცნაურობა საშინელ შეგრძნებას იწვევს ადამიანებში.
ყველა ახალი ამბავი
0