როდის მიიღებს პარლამენტი საპენსიო სიახლის გადავადების შესახებ კანონპროექტს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
ცვლილებებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 4 სექტემბერს ჯანდაცვის კომიტეტი და შემდგომ უკვე მეორე და მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი განიხილავს
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე მიიღებს კანონპროექტს საპენსიო სიახლის გადავადების შესახებ, რომლის მიხედვითაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ყველა მონაწილე 2028 წლის 1 იანვრამდე შეინარჩუნებს დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე პორტფელს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
6 აგვისტოს სიახლის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს 6 სექტემბრამდე ეძლეოდათ საშუალება თავად აერჩიათ საკუთარი საინვესტიციო პორტფელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სქემა ამუშავდებოდა: 40 წლამდე – მზარდი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც მაღალ რისკთან არის დაკავშირებული; 40-დან 50 წლამდე – შერეული, ანუ საშუალო რისკით; 50 წელი და ზემოთ – სტაბილური საინვესტიციო პორტფელი დაბალი რისკით.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ამ ცვლილებების მიღება, რადგან ამ საკითხზე გარკვეული გაუგებრობები იყო. თუმცა ის, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანესია, უდავოა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, რომ ეს ცვლილებები მივიღოთ, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დაცულად იგრძნონ თავი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩაკვეტაძემ.
დეპუტატის თქმით, ცვლილებებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 4 სექტემბერს ჯანდაცვის კომიტეტი და შემდგომ უკვე მეორე და მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
უნდობლობა სიახლის მიმართ
მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული, საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლის სურვილი 25 აგვისტოსთვის მხოლოდ 4 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა.
მოსახლეობის ნაწილმა, ასევე როგორც ოპოზიციამ, უკმაყოფილება გამოთქვა სიახლესთან დაკავშირებით და საპენსიო სააგენტოს მოქალაქეების არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო უსაყვედურეს. უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ შესაბამისი რისკის მქონე პორტფელის ონლაინ-არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, საიტი შეფერხებით მუშაობდა, ხოლო ონლაინ განაცხადის გასაკეთებლად ელექტრონული ხელმოწერაც იყო საჭირო.
საზოგადოება არ არის მზად - ვოლსკი საპენსიო ფონდის სიახლეებზე >>
რაც შეეხება იუსტიციის სახლებში ვიზიტებს, რიგების გამო არც თუ ისე ადვილი იყო ადგილზე რისკის პორტფელის საკითხის გადაჭრა, ამიტომ ბევრი უბრალოდ დროულად ვერ შეძლებდა ზომების მიღებას თავის დანაზოგებთან დაკავშირებით.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს აქტივების განაწილებაში, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებულ შემოსავალს უკავშირდება.
ამავდროულად, არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს დანაზოგის დაკარგვას და განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულ მონაწილეებს უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ შეცვალონ საინვესტიციო კატეგორიები.
საპენსიო სქემა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ივნისის მდგომარეობით, 3,63 მილიარდი დოლარია.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0