გმირი მამის ჩრდილქვეშ დარჩენილი მეფე, ანუ ამბავი დაჩი უჯარმელისა

© unsplash/Gioele Fazzeriმეომარი
მეომარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2023
გამოწერა
იბერიის სახელმწიფოს VI საუკუნის დასაწყისში განაგებდა მეფე, რომლის შესახებაც წყაროებში ძუნწი ინფორმაცია მოიპოვება და რომელმაც, მიუხედავად ხანმოკლე ზეობისა, ძალზე საინტერესო კვალი დატოვა.

ეს გახლავთ დაჩი უჯარმელი — უფროსი ძე ვახტანგ გორგასლისა, რომელიც, სამწუხაროდ, გმირი მამის ჩრდილქვეშ დარჩა, მიუხედავად არცთუ მცირე ღვაწლისა.

დაჩი ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზე დაახლოებით 502-520 წლებში. ამ დროს ის 40 წელს უნდა ყოფილიყო მიტანებული.
დედამისი, ირანის შაჰ ჰორმიზდ მეორის ასული ბალენდუხტი, დაჩისა და მისი ტყუპი დის მშობიარობას გადაჰყვა. უფლისწული უჯარმაში იზრდებოდა საურმაგ სპასპეტის მეთვალყურეობით, როგორც მომავალი ხელმწიფე.

ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ მეფემ იერუსალიმს გამგზავრების წინ ერისთავებს „შეჰვედრა ძე თვისი დაჩი და უბრძანა აღშენება უჯარმისა და მუნ შინა ზრდა დაჩი მეფისა“. სწორედ აქედან მიიღო მომავალმა მეფემ ზედწოდება „უჯარმელი“.
დაჩის მეფობის დროს ახალი ძალით გაჩაღდა მეტოქეობა პირველობისთვის ორ უძლიერეს სახელმწიფოს — სასანიანთა ირანსა და ბიზანტიას შორის. მომძლავრებული ირანი და მისი გაუმაძღარი შაჰი კავადი საქართველოსგან ჩვეულებრივ მორჩილებას აღარ სჯერდებოდა, ეწადა მეფობა საერთოდ გაეუქმებინა ქართლში. მაგრამ ვახტანგ გორგასლისა და შემდეგ უკვე დაჩი უჯარმელის მცდელობით ეს სურვილი განუხორციელებელი დაურჩა კავადს.
დაჩიმ გამეფებისთანავე „იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოხრებულ იყვნეს ყოველნი ხევნი ქართლისანი, თვინიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა და განასრულა ზღუდენი ტფილისისანი და ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ“.
დაჩიმ დაასრულა გორგასლის მიერ დაარსებული ქალაქი ჭერემის, ასევე ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრის მშენებლობაც. მართალია, ამ უკანასკნელის აღორძინება ვახტანგ გორგასალს მიეწერება, მაგრამ რეალურად იქ სამშენებლო სამუშაოები დაჩი უჯარმელის მეფობისასაც მიმდინარეობდა. არცაა გასაკვირი — ვახტანგმა ხორნაბუჯი, ნეკრესი და ჭერემი მემკვიდრეს საუფლისწულო მამულად დაუდგინა.

კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც ვახტანგ მეფემ დააარსა, მაგრამ დაჩი უჯარმელმა განასრულა, არტანუჯი იყო — სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცენტრი. გორგასალმა მხოლოდ ციხე-გალავნის მშენებლობის დასრულება მოასწრო, დანარჩენი მისმა ძემ მიიყვანა ბოლომდე.

ამას მოჰყვა გორგასლის მიერ ბიზანტიელთაგან მიტაცებული კლარჯეთისა და თუხარისის ციხე-ქალაქის გაფართოება-გაძლიერება. მამა-შვილის წყალობით თუხარისი სამეფოს მთავარ ბურჯს წარმოადგენდა მთელ სამხრეთ საქართველოში.
ასევე დიდია დაჩის წვლილი ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. მეფემ გადაწყვიტა ერთსარწმუნეობრივი პოლიტიკით კიდევ უფრო განემტკიცებინა ქართველთა ერთიანობა. ამ მიზნით აგებდა კლარჯეთსა და კახეთ-ჰერეთში ეკლესია-მონასტრებს. სწორედ იმ ეპოქის დროინდელია ჯავახეთის წყაროსთავის ეკლესია.

როგორც მემატიანე წერს, მეფე დაჩი უჯარმელი და კათალიკოსი ერთობლივად მოქმედებდნენ.

„მეფობდა დაჩი და კათალიკოზი იყო სამუელი. ამისსა ზე ქალაქსა თბილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამწმინდისა ეკლესიაი აღაშენეს“.

საუბარია VI საუკუნის დასაწყისში აგებულ მარიამწმინდის, ანუ თბილისი ანჩისხატის ეკლესიაზე, რომელმაც დღემდე მოაღწია. მართალია, მრავალჯერ აღდგენილმა და სახეცვლილმა, მაგრამ მოაღწია.

დიდი იყო დაჩის ღვაწლი წარმართ მთიელთა გაქრისტიანების საქმეშიც, თუმცა მან ბოლომდე ვერ შეძლო მთიელთა მოქცევა. მცხეთასა და თბილისში არაერთხელ მოიწვიეს „მოუნათლავები“, მაგრამ ვერც მეფისა და ვერც სამოელ კათალიკოსის მოწადინებამ შედეგი ვერ გამოიღო. მთიელები ყურადღებით კი უსმენდნენ მეფისა და კათალიკოსის შეგონებებს, თავსაც უქნევდნენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მაინც წინაპართა კერპ-სალოცავების ერთგული რჩებოდა.

დაჩი უჯარმელი აპირებდა მათ გასაქრისტიანებლად უფრო ხისტი პოლიტიკა გაეტარებინა, მაგრამ არ დასცალდა: მეფობის მეთვრამეტე წელს, გმირი მამის მსგავსად, 60 წლისა აღესრულა...
ყველა ახალი ამბავი
0