მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბეტონი ყავით: მეცნიერებმა ბევრად მტკიცე მასალა შექმნეს

© Unsplash/Nathan Dumlaoყავა
ყავა - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2023
გამოწერა
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ავსტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა შექმნა ბეტონის სახეობა, რომელიც დაახლოებით 30%-ით უფრო გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი. ამისთვის ბეტონს 15% ქვიშის ნაცვლად მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული ყავის ფხვნილი შეურიეს, ნათქვამია კვლევაში, რომელიც Journal of Cleaner Production-ში გამოქვეყნდა.
როგორც კვლევის თანაავტორი, მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (RMIT) დოქტორი შენონ კილმარტინ-ლინჩი განმარტავს, იდეა სამუშაო ადგილებზე ყავის ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების სურვილით წარმოიშვა.

„ჩვენ ბევრ დაფქულ ყავასა და ყავის კაფსულებს ვყრით. გვინდოდა გაგვერკვია, შეგვეძლო თუ არა, რომ ყავის ნალექი უფრო ღირებულ მასალად გადაგვექცია“, — ამბობს ის.

როგორც ინჟინრები ამბობენ, ეს მეთოდი შეიძლება გარემოსთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ უსარგებლოდ გადაყრილი ყავის რაოდენობას შეამცირებს, ასევე დაზოგავს ბუნებრივ ქვიშას (ყოველწლიურად დაახლოებით 28,8 მილიონ ტონას), რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში გამოიყენება.
სწავლულთა თქმით, ყავის ნალექისგან პიროლიზის გზით მიღებული ბიონახშირი, რა დროსაც ყავის ნარჩენები 350 გრადუსამდე ხურდება, ბეტონის თვისებებს მკვეთრად აუმჯობესებს.
ამასთან მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ მათი ტექნოლოგია ბევრად ენერგოეფექტურია, რადგან სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, პიროლიზის დროს ტემპერატურის 700-900 გრადუსამდე აწევაა აუცილებელი.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ავსტრალიაში ყავის ნარჩენების სრულად გადამუშავება რომ შეიძლებოდეს, წელიწადში დაახლოებით 22,5 ათასი ტონა ბიონახშირის მიღება მოხერხდებოდა.
ამ დროისათვის კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ახლებური ბეტონის სიმტკიცის დასადასტურებლად დამატებითი ცდების ჩატარებაა აუცილებელი.
სურსათის ნარჩენების ეროვნული სტრატეგიის ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების თანახმად, ავსტრალიაში სათბურის გაზების წლიური გამოყოფის დაახლოებით 3% სურსათის ნარჩენებზე მოდის. ამასთან ავსტრალია ყოველწლიურად დაახლოებით 75 ათას ტონას ყავის ნარჩენებს აწარმოებს.
წყარო: The guardian
ყველა ახალი ამბავი
0