„ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძებში სალმონელა აღმოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსუპერმარკეტი „ნიკორა“
სუპერმარკეტი „ნიკორა“ - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს-ოპერატორი საკვებით რვა ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ შეამოწმა.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო ორი შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.
ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს სს „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.
შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში მისამართებზე: აღმაშენებლის ხეივანი N62/495, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის; ასევე მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1,6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა.
„შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათი და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.
უწყების ცნობით, მიკვლევადობის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0