რამდენი აივ-ინფიცირებული გამოვლინდა საქართველოში 2023 წელს

© AP Photo / Marco Ugarteვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
ინფიცირებულთა დიდი ნაწილი საშუალო ასაკის მამაკაცები არიან.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2023 წელს აივ-ინფიცირების დაახლოებით 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა 393 ახალი შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთი შემთხვევით ნაკლებია.
ცენტრში სულ დაფიქსირებულია 10.170 აივ-ინფიცირებული პირი, აქედან 7.604 მამაკაცია, 2.566 – ქალი. ინფიცირებულების უმეტესი ნაწილის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.
ანტივირუსულ მკურნალობას გადის 6.284 ადამიანი, აქედან 41 ბავშვია.
ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია თბილისში – 3.830, აქედან 100 ადამიანი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. შემდეგ მოდის სამეგრელოს (1.301), იმერეთის (1.227), აჭარის (1.211), კახეთის (498) რეგიონები.
წელს 96 აივ-ინფიცირებულის გარდაცვალება დაფიქსირდა. აქედან 75 მამაკაცია და 22 – ქალი. გასულ წელს ასეთი 139 შემთხვევა იყო.
მეექვსე მთელ მსოფლიოში: აივ-ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა>>
საქართველოში 129 აივ-ინფიცირებული ბავშვია. აქედან 76 ბიჭია და 53 - გოგონა.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0