საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2023
გამოწერა
ექსპორტმა 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 16%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-ივლისში.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და 12,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 19%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2023 წლის იანვარი–ივლისი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

3.583,4

15,9

იმპორტი

8.522,1

19,0

სულ

12.105,5

18,0

ექსპორტმა შეადგინა 3,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 16%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შვიდი თვის მაჩვენებელთან შედარებით 21,3%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან 2023 წლის იანვარი–ივლისში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

მსუბუქი ავტომობილები

1.177,8

216,8

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

380,6

-38,7

ღვინო

150,3

24,1

ფეროშენადნობები

111,2

-68,6

აზოტის სასუქი

106,8

-41,5

2023 წლის იანვარი–ივლისში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 216,8%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 62,4%-ით, სპირტიანი სასმელების – 45,9%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 68,6%-ით, აზოტის სასუქის – 41,5%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 38,7%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2023 წლის იანვარი–ივლისში იმპორტირებული ძირითადი პროდუქცია

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

მსუბუქი ავტომობილები

1.620,1

95,9

ნავთობპროდუქტები

608,5

-15,2

წამლები

307,7

31,3

გაზი

291,0

18,0

სატელეფონო აპარატები

211,2

44,2

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი მსუბუქი ავტომობილების – თითქმის ორჯერ, თამბაქოს ნაწარმის ან მისი შემცვლელების – 65,8%-ით, სატვირთო ავტომობილების – 63,9%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი – 57%-ით და გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 16,1%-ით, ასევე ნავთობპროდუქტების – 15,2%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-ივლისში პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,9%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2023 წლის იანვარი–ივლისში

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

თურქეთი

1.687,8

10,8

რუსეთი

1.503,7

24,7

აშშ

1.023,1

41,3

ჩინეთი

944,3

-13,8

აზერბაიჯანი

847,9

15,0

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.
ყველა ახალი ამბავი
0