კინოს ბილეთების ონლაინ-გაყიდვა: ანტიმონოპოლური სამსახური შესაძლო დარღვევებს სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerკინოთეატრის დარბაზი
კინოთეატრის დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2023
გამოწერა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლა 2023 წლის გაზაფხულზე ონლაინ პლატფორმა biletebi.ge-ს მიერ კონკურენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გამო დაიწყო
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. კინოს ბილეთების ონლაინ-გაყიდვების ბაზარზე დაწყებული მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებასა და რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას ეხება, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
ვებ-გვერდმა TKT.GE-მ 2022 წლის 31 დეკემბერს „სადისტრიბუციო კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოიპოვა ექვს ძირითად კინოთეატრში ბილეთების ონლაინ-გაყიდვის ექსკლუზიური უფლება. tkt.ge-ზე საჩივარი შეიტანა ბილეთების გაყიდვის სხვა ონლაინ-პლატფორმამ - biletebi.ge-მ.
საჩივრის საფუძველზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“ (tkt.ge), სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2023 წლის აპრილში.
„მოკვლევა მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი საკითხი ეხება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებას, მეორე კი რამდენიმე კომპანიას შორის შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, მათ შორის „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ს, შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და კომპანია „თინეთს“ შორის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლექვინაძემ.
ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია tkt.ge-სა და „თინეთს“ შორის, ისეთ ჩანაწერებსა და „ექსკლუზივის“ პირობებს მოიცავდა, რომლებიც, წინასწარი შეფასებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის შემზღუდველ ჩანაწერად მიიჩნია.
„ძალიან საინტერესო შემთხვევაა. ამ ეტაპზე საკითხი ეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციას, თუმცა მოკვლევის შედეგების არეალი და რეკომენდაციები, რომლებსაც მოკვლევის ფარგლებში წარმოვადგენთ, შესაძლოა, ბევრად ფართოდ იყოს და ბევრ სფეროს შეეხოს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ონლაინ-პორტალ TKT.GE-ს კინოთეატრების ბილეთების გაყიდვაზე ექსკლუზივი ჩამოერთვა >>
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კინოთეატრში ბილეთების ონლაინ-გაყიდვების ბაზრის კვლევის ფარგლებში დააკმაყოფილა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა. სასამართლოს ბრძანებით, სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.
ყველა ახალი ამბავი
0