რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში? ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმრავალსართულიანი კორპუსები საბურთალოზე
მრავალსართულიანი კორპუსები საბურთალოზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
2023 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე იჯარის ფასი წინა თვესთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა შემცირდა – 2023 წლის ივლისში გაიყიდა 3,6 ათასი ბინა, რაც 7,2%-ით ნაკლებია ივნისის, თუმცა 4,7%-ით მეტი 2022 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსები ივლისში გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ წინა პერიოდში საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მაღალ მოთხოვნას.
პირველად ბაზარზე (სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული ქონება) გაყიდვები წლის განმავლობაში 13,9%-ით გაიზარდა, ხოლო 13,5%-ით შემცირდა მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრეების მიერ გაყიდული უძრავი ქონება).
კლების მიუხედავად, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბაზარზე ჯანსაღი მოთხოვნა რჩება.
ივლისში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა სამგორში, დიდ დიღომსა და ნაძალადევში, საბურთალოზე, ვაკესა და მთაწმინდაზე კი მნიშვნელოვნად შემცირდა.
გასულ თვეში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა სამგორში (637), საბურთალოზე (590), დიდ დიღომში (586), გლდანსა (417) და ნაძალადევში (338).
თბილისში ერთ წელიწადში ბინის ქირა საგრძნობლად გაიზარდა - Galt & Taggart-ის მონაცემები>>>
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801–1.800) დომინირებაა.
გარდა ამისა, გასულ თვეში უძრავი ქონების ფასები 0,8%-ით გაიზარდა პირველად ბაზარზე, ამასთან 2,7%-ით გაიზარდა ფასები მეორად ბაზარზე ძველ აშენებულ ბინებზე.
რაც შეეხება მეორად ბაზარზე ახალაშენებულ ბინებზე ფასებს, წინა თვესთან შედარებით იგი 4,6%-ით შემცირდა, რაც საბურთალოზე, გლდანსა და ისანში ფასების შემცირებამ განაპირობა (მეორად ბაზარზე ახალი ბინების მთლიანი გაყიდვების 39,4%).
2023 წლის ივლისში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 14,5%-ით გაიზარდა და საერთო თანხამ 256,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ამას ძირითადად გასულ წელთან შედარებით ფასების ზრდას უკავშირებენ.
გარდა ამისა, 2023 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე იჯარის ფასი წინა თვესთან შედარებით 3,4%-ით გაიზარდა, რამაც თბილისის უძრავი ქონება კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ინვესტიციებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0