მოსაზრება: დასავლეთი დაიღალა - უკრაინა მზად არის დამარცხებისთვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
მიხეილ კატკოვი
როგორც დასავლური მედია წერს, კიევმა მომავალი წლის ბოლოსთვის შესაძლოა აშშ-ისა და ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერა დაკარგოს. შედეგად, ჩვენ უნდა შევამციროთ საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა და სერიოზულად ვიფიქროთ რუსეთთან მოლაპარაკებებზე. რა შედეგს მოიტანს ეს? — სვამს კითხვას „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.

მოლაპარაკებების დროა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ აღიარა, რომ მომავალი შემოდგომა ძალიან რთული იქნება, რადგან მოკავშირეებს შორის უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები მოსკოვთან დიალოგისკენ, ხოლო გლობალური სამხრეთის წარმომადგენლებს ვერა და ვერ არწმუნებენ, რომ მხარი დაუჭირონ კიევს.
ამასთან მინისტრი დათანხმდა, რომ ადრე თუ გვიან მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, შუამავლის მეშვეობით დაიწყება.
როგორც ცნობილია, გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვთან ნებისმიერი პოლიტიკური კონტაქტი კანონმდებლობის დონეზე აკრძალა. მაგრამ სიტუაცია იცვლება.
რა თქმა უნდა, კიევი მრისხანედ უარყოფს ტერიტორიების სანაცვლოდ მშვიდობას. კულებას თქმით, ისინი, ვინც ამას სთავაზობენ უკრაინას, ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ სწრაფად განაახლონ ბიზნესი. უკრაინას კი სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიები.
მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ "რეალობის გათვალისწინებით". სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მეთიუ მილერის განცხადებით, ვაშინგტონი არასდროს არ მოითხოვდა დაჟინებით, რომ კიევს ამაზე კატეგორიული უარი ეთქვა.

ფული არ არის

უკრაინის სამხედრო ძალების კონტრშეტევა არ აღმოჩნდა არც სწრაფი და არც გამარჯვების მომტანი, როგორც ამას ზელენსკის გუნდი გვპირდებოდა. ის სუსტია და სისხლისმღვრელი. დასავლეთი იმედგაცრუებულია. ახლა ევროკავშირსა და აშშ-ში მსჯელობენ, განაგრძონ თუ არა უკრაინისთვის ფულის და იარაღის მიწოდება, თუ მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ განკარგონ მიღებული რესურსები.
ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდება. ამასთან ის საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას დაეყრდნო, სადაც ოთხი ათეული ქვეყანა განიხილავდა მოსკოვისა და კიევის დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერი ცდილობდა ფორუმი რუსეთზე ზეწოლის საშუალებად წარმოეჩინა, ნათელია, რომ უკრაინამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს: გლობალური სამხრეთი დასავლეთს არ შეუერთდა.
გერმანული გამოცემა Bild წერს, რომ, თუ უკრაინის სამხედრო ძალები წარმატებას ვერ მიაღწევენ, კონტრშეტევაზე უკვე რუსეთი გადავა. და მოკავშირეების წინაშე დადგება კითხვა: „იქნებ ჯობს, რომ ბრძოლა შევწყვიტოთ?“ გაზეთი Die Welt-იც ამ სულისკვეთებით მსჯელობს.
უკრაინასა და აშშ-ს შორისაც არ არის ყველაფერი კარგად. თეთრმა სახლმა კონგრესს 13 მილიარდი დოლარი სთხოვა კიევის საგანგებო სამხედრო დახმარებისთვის. ფული 30 სექტემბრამდეა საჭირო. თუმცა რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ყოყმანობენ. უმრავლესობა ემხრობა დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომელიც იარაღის მიწოდების შემცირებას მოითხოვს და არა გაზრდას, რათა კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელების 55% ფიქრობს, რომ კონგრესმა თეთრი სახლის მოთხოვნა უნდა უარყოს. თუმცა, 48% ამტკიცებს, რომ სამხედრო დახმარების გაზრდას მხარს უჭერს.
კიევის ადვოკატად პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა გამოვიდა. მაგრამ უკიდურესად წარუმატებლად. როგორც The Washington Post წერს, მან იარაღის შემდგომი მიწოდების აუცილებლობა ასე დაასაბუთა: უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ამერიკელებისაო.

დრო მოვიდა

უკრაინელი პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი მიიჩნევს, რომ კიევის ხელისუფლება უნდა დათანხმებოდა სტამბულის გარიგებას.

„ბოლოს და ბოლოს, კულებას მოლაპარაკებები გაახსენდა. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. <...> ნატომ უკრაინას შესთავაზა კონტრშეტევა ავიაციის გარეშე, ამიტომ ახლა რუსეთის საპასუხო დარტყმას უნდა ველოდოთ. 2022 წლის აპრილის დასაწყისში არახამია პრეზიდენტის ოფისში დადიოდა და ამბობდა, რომ შამპანურის გახსნა შეიძლებოდა, რადგან რუსებთან შეთანხმდა. მაგრამ შემდეგ, ბაიდენისა და ჯონსონის ზეწოლით, გადაწყვიტეს, რომ მოსკოვისთვის სამხედრო მარცხი მიეყენებინათ", — თქვა მან ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ კიევის წინადადებები მოსკოვისთვის ჯერჯერობით არააქტუალურია. პოლიტიკური ანალიტიკოსის როდიონ მიროშნიკის აზრით, კულება მძიმე შემოდგომაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და მმართველი ელიტის სხვა წარმომადგენლებს გულისხმობს.
„მათთვის დასავლეთის ქვეყნების თვალში უკრაინის სტატუსის ნებისმიერი ცვლილება ტრაგედიაა. კულება, რეზნიკოვი, ზელენსკი და სხვები ვერ შეძლებენ მმართველობას ვერცერთ სხვა რეჟიმში, გარდა რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირებისა. ამასთან, ნათელია, რომ კონტრშეტევის წარუმატებლობის შემდეგ აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ გაცივდნენ“, — აღნიშნა ექსპერტმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას.
მას ეთანხმება რუსეთის საფინანსო აკადემიის ექსპერტი დენის დენისოვი. როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს, უკრაინაში მალე დაიწყება დისკუსია მოსკოვთან დიალოგის აუცილებლობაზე.
„ყველა ხვდება, რომ სხვა გზა არ არსებობს. გზასაყარები გავლილია, კონტრშეტევა — ჩავარდნილი“, — ამბობს ის.
მაგრამ ომის დამთავრებამდე ჯერ შორსაა. გარდა ამისა, დიდი დრო დასჭირდება დივერსიებისა და ტერორისტული აქტების შეწყვეტას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0