გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახალხო დამცველის რეკომენდაციას უპასუხა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ გამოცდების ცენტრმა დაარღვია „კარგი მართვის" პრინციპი.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, განაცხადეს გამოცდების ცენტრში სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტისთვის დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარებას გულისხმობს.
ივლისში შიმშილობა გამოაცხადა აბიტურიენტის მშობელმა, რომელსაც ცენტრმა გამოცდაზე გასვლაზე უარი უთხრა მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა – რომ აბიტურიენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს. აბიტურიენტი გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, რამდენიმე დღეში კი მასთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა მისი დაშვება დამატებით გამოცდაზე. თავის მხრივ, გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია და ყველა დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარებულია.
ცენტრში განაცხადეს, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებული იყო დამატებით გამოცდაზე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების" დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა. სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს", – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

კერძოდ, ცენტრი ვერ აღასრულებდა 28 ივლისს შემოსულ სასამართლოს განჩინებას, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებ-გვერდზე.
სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით, ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა", – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ გამოცდების ცენტრმა დაარღვია „კარგი მართვისა" და სამართლიანი ადმინისტრაციული საქმისწარმოების პრინციპი და ამ აბიტურიენტს არ მიაწოდა ინფორმაცია დამატებითი სესიის ჩატარების თაობაზე.
ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კიდევ აქვს დრო, უზრუნველყოს უმაღლესი განათლების უფლება და აღასრულოს სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილება.
ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ცენტრის გადაწყვეტილებას მიიჩნევს კანონის შეუსაბამოდ და რეკომენდაციას იძლევა, დაუყოვნებლივ დანიშნოს ისტორიის გამოცდა. მათი აზრით, არ არის ობიექტური ფიზიკური და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუშლის ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0