ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკა მოლდოვასა და უკრაინაზე ძლიერია

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
ეკონომიკური კუთხით უკრაინა და მოლდოვა რთულ სიტუაციაში არიან, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკებზე ძლიერია და მას დახმარება არ სჭირდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ გადაწყვიტა 135 მილიონი ევროს გადამისამართება უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. აღნიშნული თანხა თავდაპირველად იყო განკუთვნილი რუსეთთან და ბელორუსთან დაკავშირებული რეგიონთაშორისი პროგრამებისთვის.

„მარტო ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა იზრდება 8 მლრდ დოლარით. ეს არის უზარმაზარი სხვაობა, რაც ჩვენ გვექნება წლის ბოლოს მოლდოვასთან. მოლდოვისთვის ეს არის უმძიმესი დარტყმა, მისი ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას სჭირდება კომპენსირება. რაც შეეხება უკრაინას, შარშან უკრაინას ჰქონდა 30%-ზე მეტი ეკონომიკური ვარდნა და წლევანდელი პირველი კვარტალი (მეორე არ ვიცი) იყო მინუს 10%“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს არ უნდა შეშურდეს იმის, რომ თანხა მოლდოვასა და უკრაინას გადაეცა, რადგან მათ მეტი სახსრები ესაჭიროებათ, განაცხადა კობახიძემ.
„როდესაც ამ თანხების გამოყოფა ხდება ევროკომისიის მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. უკრაინასა და მოლდოვაში ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება კომპენსირება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ივნისში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0