საერთო მომავალი აფხაზებთან და ოსებთან ერთად - პრემიერი

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა აფხაზეთში ომის დაწყებას საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უწოდა.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების გონივრული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ნდობის აღდგენაზეა ორიენტირებული, ხელს შეუწყობს მშვიდობიანი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობას აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის დაწყებიდან 14 წელი სრულდება. პრემიერმა პატივი მიაგო 1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დაღუპულების ხსოვნას.

„აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აფხაზეთში ომის დაწყებას ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უწოდა საქართველოს ისტორიაში. პრემიერის თქმით, გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.
„ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები... კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო განაგრძობს ბრძოლას თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და პროგრესის შესანარჩუნებლად, განაგრძობს განვითარებას, რათა მალე მიაღწიოს სანუკვარ მიზანს - ააშენოს ერთიანი, ძლიერი საქართველო აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, აღნიშნა თავის მხრივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენი მიზანი უცხადესია – ვიაროთ იმ გზით, რომელიც ჩვენი ძმების გულებისკენ მიდის. მშვიდობით, სიყვარულითა და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, და 14 აგვისტო საქართველოს ისტორიაში გადაიქცევა ჭკუის სასწავლებელ ფურცლად.
„ჩვენი ვალია, ეს ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას, ტკივილის ნაცვლად, გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კონფლიქტი მას შემდეგ გაჩაღდა, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გასცა ბრძანება ფსოუ-ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ. ე. წ. აფხაზური გვარდიის მეომრებმა ქართველ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა.
ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0