ქართველ მეფეთა მძიმე შეცდომები: ორი ამბავი ისტორიიდან

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / ციხე-ქალაქ პეტრას ნაშთი
ციხე-ქალაქ პეტრას ნაშთი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ძველი ლათინური სენტენცია ღაღადებს: „ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“. მაგრამ არის შეცდომები, რომელიც არავის ეპატიება, მათ შორის არც იუპიტერს გატოლებულ ღვთითკურთხეულ მეფეებს.
ქვემოთ ორ ასეთ ისტორიას გიამბობთ.

ამბავი პირველი

დიდი მეფე და ქვეყნის გამაერთიანებელი ფარნავაზი თითქმის 65 წლის განმავლობაში ქმნიდა ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ერისთავებმა იუკადრისეს ახალი მეფის — საურმაგისადმი მორჩილება და მისი მოკვდინება განიზრახეს:
„მასჟამსა შინაზრახვა ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: „არა კეთილარს ჩუენდა, რაჲთამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინცა ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფროის განვისუენებთ“, — წერს მემატიანე.
მაგრამ ერისთავებს შეთქმულება ჩაუფლავდათ. საურმაგმა მათი ავი განზრახვა შეიტყო და დედულეთს, დურძუკეთს მიაშურა დედასთან ერთად. ბიძებს შეაფარა თავი.
დევნილ მეფეს დურძუკეთში „ჰრომთაიგი აზნაურნი“ ეახლნენ და უთხრეს: „დიდი კეთილი დგას ჩვენ ზედა მამისა შენისა, ამისთუის ვართ ჩვენ მტკიცე ერთგულობასა შენსაო“, ანუ ფარნავაზ მეფისგან დიდი სიკეთე გვახსოვს და ამადაც მტკიცედ ერთგულები ვართ შენიო.
ამის შემდეგ საურმაგმა დედის ძმებს —დურძუკთა წინამძღოლებს უხმო საშველად, მამის დისწული, ოვსთა მეფეც შეიზრახა და შეკრიბა ოვსთა და დურძუკთა ურიცხვი ლაშქარი საქართველოზე სალაშქროდ.
„და დაიპყრა ყოველი ქართლი და მოსრნა განდგომილნი მისნი... ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და... განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი“, — გვაუწყებს „მოქცევაი ქართლისაი“.
გამარჯვებულმა საურმაგმა, ქართველთა ღალატისაგან სამუდამოდ დაზღვეული რომ ყოფილიყო, მისთვის ერთგული ხალხი, „ყოველთა კავკასთა ნათესავთა ნახევარი“, ანუ ჩრდილოეთ კავკასიის მაშინდელი მოსახლეობის ნახევარი, ქართულ მიწაზე დედაწულიანად ჩაასახლა და დაამკვიდრა.

ამბავი მეორე

XII საუკუნის 60-იან წლებში, მას შემდეგ, რაც მეფე გიორგი მესამემ ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერა და საერთო კავკასიურ იმპერიად აქცია, საქართველოში ომები შეწყდა. თავად მეფე კი „დაჯდა სიხარულად და განსუენებად და ნადირობად“.
მაგრამ ჭკუაში არ დაუჯდა ასეთი სიმშვიდე და „განსუენება“ ქართულ ლაშქარს. შეუჩნდნენ მეფეს ომსა და ნადავლს ნაჩვევები, „არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისაო“ და ახალი ლაშქრობის ნებართვა გამოსთხოვეს.
გიორგი მესამემ ჯარს სასაზღვრო ქვეყნების მორბევის უფლება მისცა და თავადვე განუსაზღვრა, სადაურ ქართველობას სად უნდა ელაშქრა:
ტაოელებმა, კლარჯებმა და შავშელებმა ქართული ქალაქები — ოლთისი და ბანა დაარბიეს;
მესხებმა და თორელებმა — კარი და აშორნია;
ქვემო ქართლელებმა — რანი;
შიდა ქართლელებმა და იმერლებმა — განძა და ხლათი;
კახელებმა და ჰერებმა — შირვანი.
ასე აოხრდა უზარმაზარი ტერიტორია ოლთისიდან შირვანამდე ქართული სპის „მოწყენილობისა და უსაქმურობისა“ გამო. ამ ნაბიჯით, ანუ „ჯარის ხუშტურებზე“ სიარულით, რომლითაც სამეფო კარმა ლაშქართან დაპირისპირება აირიდა, გიორგი მესამეს კარგი ვერაფერი მოუტანა. სამეფო ჯარმა ეს დათმობა ხელმწიფის სისუსტედ მიიჩნია და 1178 წელს მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას დაუჭირა მხარი — დემნა ბატონიშილისა და სპასალარ ივანე ორბელის მხარეს დადგა.
მართალია, მაშინ შეთქმულებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მეფეს ლამის სიცოცხლის ფასი დაუჯდა მეომრებისადმი გაკეთებული რევერანსები.
ყველა ახალი ამბავი
0