გამოკითხვის შედეგები: უკრაინელებს არ სურთ წინააღმდეგობის გაწევა და ქალაქების დატოვება

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
ივნისის ბოლოს უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ ამერიკული International Republican Institute-ს (IRI) დაკვეთით უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქების მცხოვრებლების განწყობის კვლევა ჩაატარა.

წინააღმდეგობის გაწევის დაბალი სურვილი

„რეიტინგმა“ IRI-ს დაკვეთითა და USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით გამოკითხვა უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ 21 ქალაქში (მათ შორის, ზაპოროჟიეში) მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 18 წელს ზემოთ 16,8 ათასი ადამიანი.
რესპონდენტებს ჰკითხეს, რას აპირებენ მათ საცხოვრებელ ადგილთან სამხედრო სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. რესპონდენტთა უმეტესობამ უპასუხა, რომ ისინი არ აპირებენ წასვლას და თავიანთ ქალაქებში დარჩენას გეგმავენ.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გასაწევრიანებლად და რუსეთის ჯარებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ცოტანი არიან მზად. ამასთან იარაღის ხელში აღების მსურველები (14-17%) უმეტესწილად უკრაინის დასავლეთ ქალაქების მოსახლეობაა, რომლებიც ბრძოლით ნაკლებად დაზარალდნენ, ვიდრე მათი აღმოსავლელი თანამემამულეები.
ხარკოვში გამოკითხულთაგან სამხედრო ვითარების გამწვავების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას აპირებს მხოლოდ 6%, ოდესაში, ჩერნიგოვსა და ზაპოროჟიეში – 8%, ნიკოლაევში – 9%.
ამერიკული ფულით ჩატარებული კვლევის შედეგები არცთუ ისე დიდად ემთხვევა უკრაინული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ მონაცემებს.

თავშესაფრების პრობლემები

კვლევის ფარგლებში ასევე გაირკვა, რომ უკრაინაში თავშესაფრების მოწყობის ხარისხი ჯერ კიდევ ძალიან მოიკოჭლებს.
ამის შესახებ კითხვაზე 21 ქალაქიდან 18-ში გამოკითხულთა უმრავლესობამ ხმა მისცა ვარიანტებს „ცუდი“, „საშინელი“ ან „მომსახურება მიუწვდომელია“.
ქალაქებში უჟგოროდსა და ივანო-ფრანკოვსკში, რომლებსაც საომარი მოქმედებები ყველაზე ნაკლებად შეეხო, ზემოხსენებულ ვარიანტებს მცირე სხვაობით აჯობა ვარიანტმა „არ ვიცი“. დასავლეთის კიდევ ორ ქალაქში - ტერნოპოლსა და ლუცკში ვარიანტმა "მიჭირს პასუხის გაცემა" ხმების იგივე რაოდენობა მიიღო, რაც "ცუდმა" ვარიანტმა.
ანალოგიური ვითარებაა ოდესაში – ვარიანტს "მიჭირს პასუხის გაცემა" იმდენივე ადამიანმა მისცა ხმა, რამდენმაც "ცუდსა" და "საშინელს".

რუსეთი საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს... თუ არა?

21 ქალაქის მცხოვრებლებმა საინტერესო პასუხები გასცეს კითხვაზე, დაზიანდა თუ არა მათი საცხოვრებელი ომის შედეგად.
პასუხები განსაკუთრებით საინტერესოა უკრაინის ხელისუფლების მუდმივი ცნობებისა და პროპაგანდის ფონზე, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს საცხოვრებელ შენობებს და ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდს.
ყველა ქალაქში გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მათი საცხოვრებელი არ დაზიანებულა. შესაბამისი პასუხი 21 ქალაქიდან 18-ში რესპონდენტთა 94-100%-მა გასცა, ნიკოლაევში – 73%, ჩერნიგოვში – 66%, ხარკოვში – 60%.
ნიკოლაევის მცხოვრებთა 20%-ის ზიანი "უმნიშვნელო" აღმოჩნდა. იგივე მონაცემებია ჩერნიგოვის მაცხოვრებლების 24%-ისა და ხარკოვის მცხოვრებთა 30%-ის შემთხვევაში.
სხვათა შორის, კვლევის შედეგების მიხედვით, ამ ქალაქებში რესპონდენტთა უმრავლესობის დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია ან მხოლოდ ნაწილობრივ ჩაუტარდა.
ამის შესახებ ჩერნიგოვში გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა (34%-ს საცხოვრებელი ნაწილობრივ აღუდგინეს, 29%-ს აღდგენა არ ჩატარებია), ხარკოვში — 79%-მა (29% და 50% შესაბამისად), ნიკოლაევში — 82%-მა (20% და 62% შესაბამისად).
ამასთან, აღდგენითი სამუშაოების ხარჯები ძირითადად მოსახლეობის ჯიბიდან იყო გადახდილი და არა უკრაინის ხელისუფლების ჯიბიდან.
ამის შესახებ ნიკოლაევში რესპონდენტთა 71%-მა, ხარკოვში რესპონდენტთა 45%-მა და ჩერნიგოვში გამოკითხულთა 77%-მა განაცხადა — იმ მცხოვრებთაგან, რომელთა სახლები დაზიანდა. ამავდროულად ნიკოლაევის მოსახლეობის მხოლოდ 19%-მა, ხარკოვის მცხოვრებთა 46%-მა და ჩერნიგოვის მცხოვრებთა 12%-მა ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები სახელმწიფოს სახსრებით.
ჩერნიგოვში ყველაზე მეტი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ფონდების (26%), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (13%) ხარჯზე.
მთლიანობაში ზემოაღნიშნული სამი ქალაქიდან არცერთის მოსახლეობას არ აქვს სახელმწიფო დახმარების იმედი საცხოვრებლის აღდგენაში: ნიკოლაევის მაცხოვრებლების 65%, რომელთა საცხოვრებელი დაზიანებულია და ჯერ კიდევ არ არის გარემონტებული, გეგმავს საცხოვრებლის აღდგენას საკუთარი ხარჯებით. ასეთივე პასუხი გასცეს ხარკოველთა 47%-მა და ჩერნიგოველთა 71%-მა.

უცნაური პასუხები ემიგრაციაზე

გამოკითხულთა უმეტესობამ აღიარა, რომ მათ არ ჰყავთ ახლო ნათესავები, რომლებმაც უკრაინა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვეს – გამოკითხულთა 49-72%-მა თქვა, რომ მათი ოჯახის წევრები არ წასულან არა მხოლოდ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა რეგიონშიც კი.
საინტერესოა, რომ უკრაინის იმ მოქალაქეებიდან, რომელთა ნათესავები მაინც წავიდნენ საზღვარგარეთ (დაახლოებით 5,7 ათასი ადამიანი 16,8 ათასი რესპონდენტიდან), მხოლოდ 1-4% გადავიდა რუსეთში.
და ეს მაშინ, როცა გაერო 6,33 მილიონ უკრაინელ ლტოლვილზე საუბრობს მთელ მსოფლიოში, რომელთაგან 1,28 მილიონი რუსეთში წავიდა (უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში).

ნატოში გაწევრიანება და რუსული ენის ბედი

ისეთ პირობებშიც კი, როდესაც ადამიანებს შეიძლება ეშინოდეთ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემისა, თუნდაც ანონიმურობის პირობით, ხოლო გარკვეული შედეგებით დაინტერესებულმა მკვლევარებმა შეიძლება "შეასწორონ" საბოლოო მაჩვენებლები — ოდესაში გამოკითხულთა 47%-მა ხმა არ მისცა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ასე მოიქცა ხარკოვის მცხოვრებლების 38%, დნეპრის მცხოვრებთა 31%, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიელების 28%.
ამავდროულად ქვეყნის ნატოში შესვლას მაქსიმალური რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს დასავლეთ უკრაინაში: ლვოვში გამოკითხულთა 92%-მა მისცა ხმა ნატოში შესვლას. ამ მხრივ ტოპ-5 ქალაქია (გამოკითხულთა 88-92%) ლვოვი, ლუცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ტერნოპოლი, როვნო.
დამატებით უნდა ითქვას, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინის ოთხი დიდი ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობამ აღიარა, რომ სახლში რუსულად საუბრობს.
ასეთი პასუხი გასცეს ნიკოლაევში გამოკითხულთა 61%-მა, დნეპერში (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) 66%-მა, ზაპოროჟიეში 67%-მა, ხარკოვში 78%-მა და ოდესაში 80%-მა.
გარდა ამისა, შინ რუსულად საუბრობს გამოკითხულთა 38% კიევში და 41% ჩერნიგოვში.
ყველა ახალი ამბავი
0