ლევილის მამულში დაგეგმილ ფესტივალზე შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს

© Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2023
გამოწერა
ფესტივალზე გასართობი პროგრამის ნაცვლად საეკლესიო საგალობლები და სამგლოვიარო მუსიკა შესრულდება
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ლევილის მამული ფართომასშტაბიან ფესტივალზე პატივს მიაგებენ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილი ადამიანების საძიებო სამუშაოები 54 მეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი.
ტრაგედიასთან დაკავშირებით ლევილში კულტურის ფესტივალის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით იყო გაჯერებული, შეიცვალა.
12 და 13 აგვისტოსთვის დაგეგმილი საზეიმო კონცერტები, რომლებიც ქართულ ხელოვნებასა და კულტურას ეძღვნებოდა, მათ შორის საცეკვაო ნაწილი, მთლიანად გაუქმდა, მათ ნაცვლად კი საეკლესიო საგალობლები და სამგლოვიარო მუსიკა შესრულდება.
თეატრალურ ნაწილში 12 აგვისტოს ცხინვალის დრამატული თეატრი წარადგენს სპექტაკლს „მატარებელი" (რეჟისორი გოჩა კაპანაძე).
კვირას, 13 აგვისტოს ფოთის სახელმწიფო თეატრი წარადგენს სპექტაკლს „ფიროსმანი" (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).
ლევილის ქართულ მამულში ფესტივალი უქმეებზე, 19 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. როგორც ადრე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ფესტივალი ევროპაში მყოფი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0