საპატრიარქო დეკანოზ ისაკაძის განცხადებას ემიჯნება: საგანგებო განმარტება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2023
გამოწერა
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო, დეკანოზ დავით ისაკაძის მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მოძღვრის განცხადებას ემიჯნება.
დეკანოზ დავით ისაკაძემ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო, სამი დღის განმავლობაში იმართებოდა ფესტივალი, ხორციელდებოდა ორგიები და ეს წმინდა ადგილი წაბილწეს, რის გამოც შოვი ღმერთმა დასაჯა.
„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, აღმოჩენილია 24 ცხედარი. სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.
ყველა ახალი ამბავი
0