საქართველოში Yandex.Go-ს მიერ პირად მონაცემთა დამუშავების კანონიერებას სწავლობენ

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იანდექსი“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს მიაწვდის ინფორმაციას კლიენტების შესახებ, მათ შორის უცხოეთში მყოფებზე.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex.Go-ს მობილური აპლიკაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შესწავლის დაწყების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთში ტაქსის შეკვეთის სერვისებმა, მათ შორის Yandex.Go-მ, 2023 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს უნდა გაუხსნას წვდომა მომხმარებელთა მგზავრობის შემცველ სისტემებსა და მონაცემთა ბაზებზე, მათ შორის საზღვარგარეთ განხორციელებულ მგზავრობებზე.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კიდევ ერთხელ შეახსენა მომხმარებლებს, რომ ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე მოქალაქეები დეტალურად უნდა გაეცნონ ინფორმაციას – მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის.
ამასთან, კომპანია Yandex.Go-მ საქართველოში მისი საქმიანობის შესწავლასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისებზე და ამ სერვისების მომხმარებლებზე, რადგან ისინი მგზავრობენ და სარგებლობენ აპლიკაციით რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ. ეს არ შეიცვლება 1 სექტემბრის შემდეგაც", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ტაქსის მომსახურებას საქართველოში ახორციელებს ჰოლანდიური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ამუშავებს ყველა მონაცემს საქართველოს კანონმდებლობისა და GDPR სტანდარტების შესაბამისად.

„რუსეთის ფარგლებს გარეთ სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მონაცემების გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით, დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Yandex.Go-ს სერვისმა საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაში, მათ შორის, მგზავრობის შედარებით დაბალი საფასურის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0