ირაკლი კობახიძე: საქართველოში დეზინფორმაციის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არარეალურია

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
დეპუტატის თქმით, მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საზოგადოების პოლარიზაციისა და შესაძლო მკვეთრი რეაქციის გამო დეზინფორმაციის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არარეალურია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კურორტ შოვის ტრაგედიის ფონზე რამდენჯერმე წამოიჭრა დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხი. მასმედიასა და სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდებოდა ყალბი ან დამახინჯებული ინფორმაცია.

„ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც სიცრუესთან, დეზინფორმაციასთან, ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი მკაცრად რეგულირდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასეთი ცვლილებების შეტანა არარეალურად მიმაჩნია. რეალურად პოლარიზაცია საქართველოში ძირითადად ორ რამეზე დგას – უცხოურ აგენტურაზე და დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე", – განაცხადა კობახიძემ.

მან გაიხსენა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირების დროს თბილისში განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რათა „პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები არ დაზარალებულიყვნენ“. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანა და წაახალისა რადიკალურმა ოპოზიციამ და თბილისის ცენტრში არეულობა მოაწყო.
„ასეთივე მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს და ცილისწამებას. გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის „რუსული კანონი" და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა", – განაცხადა კობახიძემ.
შოვში დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა - მდინარაძე ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა>>>
ბოლო მონაცემებით, დამანგრეველი მეწყრის შედეგად, რომელიც შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა, დაიღუპა 19 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 14 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციონერებმა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ხალხის გადასარჩენად გაწეული არასაკმარისი ძალისხმევის გამო. ამას დაემატა ოპოზიციური მედია, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, ხშირად გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ქვეყნისთვის ასეთ ტრაგიკულ მომენტში ოპონენტების საქციელს მავნებლობა და ხალხის ნერვებზე თამაში უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს საქართველო საინფორმაციო თავდასხმის ობიექტი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0