როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

© Sputnik / Alexander Imedashviliცხელი ზაფხული თბილისში
ცხელი ზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2023
გამოწერა
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოწვიოს დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რამაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან 75 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები).
იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს:
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ 08:00-დან 10:00 საათამდე, 13:00-ზე და 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით 24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, 60 წელს ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შესასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
დარჩით/გაჩერდით ჩრდილში; არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად – მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვ.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
ყველა ახალი ამბავი
0