სულთნის საპატიო ტყვე, ანუ ლიპარიტ ბაღვაშის სიტყვის ფასი

© Unsplash/Henry Hustavaმეომარი
მეომარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
XI საუკუნის შუა წლებში საქართველოს ფაქტობრივი მმართველი კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაში იყო. საქართველოს მეფესთან დაპირისპირებულ ერისთავს ძალაც ჰქონდა და გავლენაც, რის გამოც უცხო სახელმწიფოთა მმართველები ანგარიშსაც უწევდნენ და მხარსაც უჭერდნენ.
XI საუკუნის 40-იან წლებში ბიზანტიას თურქ-სელჯუკები დაესხნენ თავს. მფარველი კეისრის დასახმარებლად მაშინ ლიპარიტ ბაღვაშმაც გამოიდო თავი და, როგორც სტეფანოზ ორბელიანი გვამცნობს:

„განვლეს აზნაურთა და დიდებულთა შვიდასთა, რომელნი იყუნეს სამარადისო მონანი მისნი და ათექვსმეტმან ათასმან კაცმან მეომარმან, ხოლო სამეფოსა ძალთაგან ათმა ათასმან და წარვიდა ვანანდს“.

ანუ, ერისთავმა 700 წარჩინებული მეომარი, 16 ათასი მებრძოლი და 10 ათასიც სამეფო სპის მეომარი იახლა და ვანანდისკენ გაეშურაო.
კაპუტრუს ციხესთან გამართულ უშეღავათო ბრძოლაში ბიზანტიელები სასტიკად დამარცხდნენ და უკუიქცნენ. ლიპარიტმა და მისმა ქართველმა მეომრებმა კი უკან დახევა იუკადრისეს და ბოლომდე თავგამოდებით იბრძოლეს. სელჯუკებმაც სწორედ მათკენ მიმართეს მთავარი ძალები.

მათეოს ურჰაეცის ცნობით: „როდესაც ჰორომთა ჯარმა დაინახა ლიპარიტის სიმამაცე, მახვილს მისცეს იგი და დასტოვეს ლიპარიტი მოწინააღმდეგეთა შორის, თვითონ კი გაიქცნენ... ეს რომ დაინახეს უცხოელმა ჯარებმა, ერთად მობრუნდნენ ქართველთა ჯარებთან საბრძოლველად“.
ბერძენთაგან მიტოვებულ ლიპარიტს გაცხარებული ბრძოლის დროს ქართველთა ჯარიდან ერთი მეომარი მიუახლოვდა უკნიდან, ირიბად გადაჰკრა მახვილი და მის ცხენს ორი ძარღვი გადაუკვეთა. ჩამოვარდნილი ლიპარიტი სელჯუკებმა ტყვედ აიყვანეს და ხელ-ფეხდაბორკილი თორღულ ბეგთან გაგზავნეს სასწრაფოდ.
გამორიცხული არ არის, ის ქართველი მეომარი მეფე ბაგრატ IV-ის ერთგული ჯარისკაცი ყოფილიყო, რომელთანაც მტრობა ჰქონდა ბაღვაშს.
სელჯუკთა სულთანი მოხიბლულა კლდეკარის ერისთავის ახოვნებით, რომლის სიმამაცეზეც უკვე ბევრი რამ სმენოდა ჯერ კიდევ ბასიანის ბრძოლიდან. ამიტომაც პატივით მოეპყრა ტყვეს, დილეგი არ აკადრა და გამოსასყიდის მიღებამდე შინაპატიმრობა მიუსაჯა ერისთავს. ოღონდ ეგაა, პირობა ჩამოართვა ბაღვაშს, რომ გაქცევას არ შეეცდებოდა.
როგორც ცნობილია, გულზვიად ერისთავს პატიოსნად შეუსრულებია სულთნისთვის მიცემული სიტყვა და მომხრეებისთვის, რომლებსაც ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ მის გასაქცევად, უარი უთქვამს გაპარვაზე — გამოსასყიდის შეგროვებამდე ტყვეობაში დარჩენილა.
კლდეკარის ერისთავი, სულთნის საპატიო ტყვე ხშირად სტუმრობდა თოღრულ ბეგს, კამათელს აგორებდნენ და საუბრობდნენ ხოლმე, თურმე, ეს ორნი. ქართველ დიდებულს ჯერ ხომ გონიერებითა და სიტყვაკაზმულობით გაუოცებია სულთანი, მერე ძალაც უჩვენებია. მათე ურჰაელის ცნობით, ლიპარიტი სულთნის წინაშე ვიღაც გოლიათ ეთიოპელს დასჭიდებია და უბრალოდ კი არ დაუძლევია, კიდეც მოუკლავს მეტოქე.
ლიპარიტ ლიპარიტის ძის ტყვეობიდან დახსნა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახოსს აუღია საკუთარ თავზე და თოღრულ ბეგისთვის ნახევარ ტონაზე მეტი ოქრო (400 ათასი დინარი) შეუთავაზებია. მაგრამ ამ უკანასკნელს გამოჩენილი მეომრის სანაცვლოდ თანხის აღება სირცხვილად მიუთვლია და 1051 წელს გამოსასყიდის გარეშე გაუთავისუფლებია.
ის კი არა, როგორც XII საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი ზონარა წერს, თოღრულ ბეგს იმპერატორისთვის გამოსასყიდად გაგზავნილი თანხაც უკან დაუბრუნებია და ლიპარიტის ხელით საჩუქარიც გაუგზავნია.
ეს კია, გათავისუფლებამდე პირობა ჩამოურთმევია კლდეკარის ერისთავისთვის, რომ სელჯუკების წინააღმდეგ აღარასდროს იბრძოლებდა. ეს პირობაც აღუსრულებია კლდეკარის ერისთავს, აღარასდროს აღუპყრია მახვილი სელჯუკთა მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0