ქართველი პრინცესა კიევის რუსეთის ტახტზე: ნაკლებად ცნობილი ფაქტი

  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ მეფე დავით აღმაშენებელს კავშირი დაუმყარებია კიევის რუსეთთან — იმ დროს დასუსტებულ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ მართლმადიდებლურ სახელმწიფოსთან. უფრო მეტიც, თუ ზოგ უცხოურ წყაროს ვენდობით, ქართველები კიევსაც სტუმრობდნენ.
მართალია, ამ ვიზიტის თაობაზე ქართული წყაროები დუმს, მაგრამ რუსული „ლეტოპისი“ გვაუწყებს, რომ კიევის დიდ მთავარ ვლადიმირ მონომახს „ობეზები“ სტუმრობდნენ. სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მაშინ რუსები ქართველებს — ობეზებად, ანუ აფხაზებად, რადგან XIV-XV საუკუნემდე მათთვის საქართველო „ობეზთა ქვეყანა“ იყო.
უცნობია, რა იყო ქართველთა კიევში სტუმრობის მიზანი, მაგრამ დგინდება სავარაუდო თარიღი — ეს შეხვედრა 1118 წელს შემდგარა.
ქართული წყაროებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1117 წლის მიწურულს ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულა გიორგი მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი, ანუ სამეფო კარის პირველი ვეზირი. მერე კი მეფის წასვლაც გამხდარა საჭირო და დავით მეოთხესაც დარიალის გზით დაუტოვებია ქვეყანა.
ქართული წყაროებიდან არ დგინდება, კონკრეტულად სად იმყოფებოდა დავით მეფე. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უკანა გზაზე ოვსეთში გარდაცვლილა გიორგი ჭყონდიდელი, რომელიც აღმაშენებელმა საქართველოში ჩამოასვენა და გელათში დაკრძალა დიდი პატივით.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რა საქმე ჰქონდათ ქართველებს კიევში და რა იყო ამ გასაიდუმლოებული ვიზიტის მიზანი?
სავარაუდოდ, ეს საქართველოში ყივჩაღთა ჩამოსახლების დავითისეულ გეგმას უკავშირდებოდა.
ვის-ვის და, იმ პერიოდში კიევის მთავარზე უკეთ არავის ეცოდინებოდა, რა ძალას წარმოადგენდნენ ყივჩაღები. კიევის რუსეთისთვის ყივჩაღთა თარეში იგივე იყო, რაც ჩვენთვის ლეკიანობა. ამიტომაც მთავარ მონომახისგან მიღებული ინფორმაცია ნამდვილად ფასეული იქნებოდა საქართველოს მეფისთვის.
როგორც ჩანს, „ობეზების“ ვიზიტს კიევში უშედეგოდ არ ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსახლება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „წარმატებული პროექტი“ აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს დიდი შვება იყო რუსეთისთვისაც. საქმე ისაა, რომ ამის მერე რუსეთის ქალაქებზე ყივჩაღთა პერმანენტული თავდასხმები გარკვეული პერიოდით შეწყდა, რამაც კიევის რუსეთს სულის მოთქმისა და ფეხზე დადგომის საშუალება მისცა.
მოგვიანებით, XII საუკუნის შუა წლებში კიევის რუსეთის სამთავროსა და საქართველოს სამეფო კარს შორის დინასტიური ქორწინებაც შედგა. მანამდე, ტრადიციისამებრ, კიევის მთავრები ბიზანტიის სამეფო კართან ამყარებდნენ დინასტიურ საქორწინო კავშირებს, მაგრამ იმ პერიოდში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
საქმე ისაა, რომ 1146 წლის 13 აგვისტოს კიევის რუსეთის მთავარი გახდა ვლადიმირ მონომახის შვილიშვილი იზიასლავ მსტისლავის ძე. იმ დროიდან დაიწყო მძაფრი ბრძოლა იზიასლავსა და სუზდალის მთავარ იური დოლგორუკს შორის.
ორივე დაჯგუფება, თავიანთი პოზიციების განმტკიცების მიზნით, მომხრეებს ეძებდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. კიევის მთავარმა გადაიბირა უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, იტალიელი ნორმანები, ხოლო იური დოლგორუკის უკან ბიზანტია იდგა.
ამ დროს აღმავლობის გზას ადგა კიდევ ერთი მართლმადიდებელი სახელმწიფო — საქართველო, რომელიც ბიზანტიის საპირწონედ მიიჩნეოდა. კიევის რუსეთს, გარდა იმისა, რომ საქართველოსა და ბიზანტიის დაპირისპირების საკუთარი მიზნებით გამოყენება სურდა, იგი იმავდროულად მომთაბარე ყივჩაღებთან ურთიერთობის დარეგულირებასაც ცდილობდა — საქართველოს სამეფო კართან დამოყვრებით.
ყივჩაღები საქართველოს მოკავშირეებად ითვლებოდნენ და დემეტრე პირველთან დანათესავებით იზიასლავი ყივჩაღებსაც თავის მოკავშირედ აქცევდა. მით უმეტეს, რომ, ერთი ვერსიით, ქართველი პრინცესა, რომელზე დაქორწინებაც სურდა კიევის რუსეთის მთავარს, დემეტრე მეფის შვილი იყო, რომელიც მას ყივჩაღი ქალისგან შეეძინა. საუბარია ყივჩაღთა ყოფილი მთავრის ათრაღა შარაღანის ძის შვილიშვილზე.
მოკლედ, კიევში დიდხანს არ უყოყმანიათ — საქართველოს მეფე დემეტრე პირველთან მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა, რაც მალე დინასტიურ ქორწინებაში გადაიზარდა: კიევის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ საქართველოს მეფის ქალიშვილი შეირთო ცოლად.

რუსულ, იპატის მატიანეში, რომელიც 1153 წლის ამბებს აღწერს, დაცულია შემდეგი ცნობა:

„შემოდგომით მამამ (იგულისხმება მთავარი იზიასლავი) ვლადიმირ ანდრიას ძესა და ბერენდეჩევიჩებთან ერთად გაგზავნა თავისი ძე მსტისლავი სადედინაცვლოსთან შესახვედრად. ისინი მივიდნენ ოლეშიემდე, მაგრამ ვერ ნახეს და უკან გაბრუნდნენ“.

„აღდგომის მონასტრის ნუსხა“ ასევე ადასტურებს ფაქტს, რომ იზიასლავი თავის მეორე ცოლს ობეზებისგან, ანუ საქართველოდან ელოდა.
მომდევნო წელს იზიასლავმა ხელმეორედ გაგზავნა სადედინაცვლოსთან შესახვედრად თავისი შვილი:

„წელსა 6662-სა იზიასლავმა, რომელმაც წამოიყვანა ობეზებისგან ცოლად მეფის ასული, ხელმეორედ გაგზავნა სადედინაცვლოსთან შესახვედრად თავისი შვილი მსტისლავი. შეეგება რა მას ჭორომებთან, მსტისლავმა მიიყვანა ის კიევში, თვითონ კი პერეიასლავში წავიდა. ხოლო იზიასლავმა შეირთო იგი ცოლად და გადაიხადა ქორწილი“.

სამწუხაროდ, ქართველი პრინცესას სახელი ცნობილი არ არის და ბოლომდე არც ისაა დადგენილი, იზიასლავის საცოლე დემეტრე მეფის ქალიშვილი იყო თუ და.

ერთი კია, ეს ქორწინება ბედნიერი და ხანგრძლივი არ აღმოჩნდა: იზიასლავი 1154 წელს გარდაიცვალა და ქართველ პრინცესას, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნება მოუწია...
ყველა ახალი ამბავი
0