უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი: პოლონეთს ევროკავშირისგან 1 მლრდ ევროს მიღება სურს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2023
გამოწერა
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. პოლონეთმა ევროკავშირს წარუდგინა ინვესტიციების გათვლები, რომლებიც უკრაინიდან პოლონეთ–უკრაინის საზღვრის გავლით მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გასაზრდელადაა აუცილებელი, იუწყება Polskieradio24.
გავრცელებული ცნობით, ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ინვესტიციების ჯამური ღირებულება დაახლოებით მილიარდ ევროს შეადგენს.
დოკუმენტების თანახმად, დაახლოებით 500 მილიონი ევროა საჭირო დიდი სატვირთო მანქანების სასაზღვრო ტერმინალებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის. პოლონეთი ამ ინვესტიციებს პრიორიტეტად მიიჩნევს.
დარჩენილი 500 მილიონი ევრო, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოხმარდეს პოლონეთ–უკრაინის საზღვრის სარკინიგზო გამშვები პუნქტების მოდერნიზებას, სატვირთო ტერმინალების მშენებლობასა და საზღვარზე სატვირთო მოძრაობის კონტროლის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის ანჯეი სადოსის თქმით, „პოლონეთს სურს 1,5 წლის განმავლობაში გაზარდოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მესამე ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში“.

„მაგრამ ეს მოითხოვს ინვესტიციებს და ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს კონკრეტულ თხოვნებს ევროკომისიის მიმართ ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

სადოსის განმარტებით, პოლონეთი კვლავაც უჭერს მხარს ყველა იმ ღონისძიებას, რომლებიც „სოლიდარობის დერეფნების“ ფუნქციონირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად უკრაინული აგროპროდუქციის ექსპორტისთვის.
მანამდე პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებაზე, რომელიც 15 სექტემბრამდეა ძალაში, და რომ ევროკომისიის პოზიციას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ყველა ახალი ამბავი
0