მუხლის ტკაცუნი შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მეტყველებდეს: მიზეზები და საფრთხეები

© rawpixel.com / Roungroatტრავმა
ტრავმა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ბევრ ადამიანს ფეხის გაშლა-მოხრისას მუხლის სახსარი უტკაცუნებს, რაც ზოგს სრულიად უსაფრთხო მოვლენად მიაჩნია, ზოგი კი შიშობს, რომ ეს შესაძლოა სახსრების სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.
როგორც ჩინური გამოცემა Weixin წერს, სახსრების ტკაცუნი ორი სახისა შეიძლება იყოს − ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ამასთან:
ფიზიოლოგიური ტკაცუნი ხმამაღალია, ერთჯერადი და არ მეორდება. ჩნდება სახსრის უეცარი გაჭიმვის ან მოხრის დროს და შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი ტკივილი. თუმცა გატკაცუნების შემდეგ ტკივილი ქრება. სხვა სახის დისკომფორტი ფიზიოლოგიურ ტკაცუნს არ სდევს, არ ვნებს მუხლს და არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას;
პათოლოგიური ტკაცუნი მტკივნეულია და ზღუდავს მუხლის სახსხრის მოძრაობას, რასაც შეიძლება შემდეგი დაავადებები მოჰყვეს:
მუხლის ოსტეოართრიტი − ეს დაავადება ჩვეულებრივ გამოწვეულია სახსრის ხრტილის ცვეთით. ის ჩვეულებრივ გვხვდება ხანდაზმულებში. მთავარი სიმპტომია გაძლიერებული ტკივილი ვარჯიშის შემდეგ. დაავადება საკმაოდ ნელა ვითარდება − მდგომარეობა თანდათან უარესდება. ხშირად აღინიშნება სახსრების დეფორმაციაც O-ს ან X-ის მსგავსად.
მენისკის დაზიანება − უმეტეს შემთხვევაში მენისკის დაზიანება მყესების დაჭიმვის შედეგია. ვლინდება მუხლის სახსრის უეცარი „გაჭედვის“ შეგრძნებით.
რევმატოიდული ართრიტი − ამ დაავადების დროს აღინიშნება სახსრების შებოჭილობა და ტკივილი, განსაკუთრებით დილით, ლოგინიდან ადგომის შემდეგ. თუმცა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ტკივილი ქრება. ამ მდგომარეობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

როგორ დავადგინოთ მუხლის სიჯანსაღე

მუხლის სიჯანსაღის დასადგენად რამდენიმე ასპექტი უნდა შეისწავლოთ: სახსრების ფორმა და მოძრაობისუნარიანობა, ქვედა კიდურების კუნთების სიძლიერე, წონასწორობა, სტაბილურობა, მოქნილობა და ა.შ.
არსებობს მუხლის ჯანმრთელობის სახლის პირობებში შემოწმების სამი მეთოდი:
ჩაჯდომა − ჩაჯდომის დროს ჯანმრთელი მუხლი ზედმეტად არ უნდა სცდებოდეს ფეხის თითების ხაზს. უნდა „იყურებოდეს“ იქით, საითაც ფეხის მეორე და მესამე თითები. ტორსი უნდა რჩებოდეს სწორი და სიმძიმის ცენტრი არ უნდა ინაცვლებდეს.
ხტომა − ახტომა-დახტომისას ჯანმრთელ მუხლებში ტკივილის შეგრძნება არ უნდა ჩნდებოდეს;
ტესტი სკამით − შეამოწმეთ რამდენჯერ შეგიძლიათ ადგეთ და დაჯდეთ სკამზე 30 წამის განმავლობაში. თუ სავარჯიშოს თავი დამაკმაყოფილებლად გაართვით, ანუ რამდენჯერმე შეძელით ადგომა-დაჯდომა, მაგრამ ტკივილი იგრძენით (განსაკუთრებით, ხანდაზმულებმა), შესაძლოა მუხლებში ყველაფერი წესრიგში არ იყოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მუხლები სხვა მეთოდებით უნდა შემოწმდეს.
თუმცა, თუ მუხლის სახსრის ჯანმრთელობაში ეჭვი გეპარებათ, ჯობს დროულად მიმართოთ ექიმს, რათა მან დიაგნოზი დასვას და მკურნალობა დაგინიშნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0